LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არათანაბარი წვდომა რესურსებზე” – ომბუდსმენმა ფეხბურთელი ქალების მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა: WISG

253
1

საქართველოს სახალხო დამცველმა ფეხბურთელი ქალების მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ომბუდსმენი საფეხბურთო კლუბებში ქალთა მიმართ სისტემური დისკრიმინაციის შემთხვევებს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, გასულ წელს განიხილავდა.

WISG-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმ საქმის შესახებ, რომელიც ფეხბურთელი ქალების ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების დარღვევის სიმწვავეს და სისტემურობას აჩვენებს.

“ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია იდენტობა / Identoba Youth, რომლის საშუალებით თანამშრომლობა დავიწყეთ ფეხბურთელ ქალებთან, შენიშნავს, რომ იმ რეალობაში, სადაც გენდერული დისკრიმინაცია და შრომითი უფლებების უხეში დარღვევა ნორმალიზებულია სხვადასხვა იდეოლოგიური მრწამსითა და მანკიერი პრაქტიკებით, რთული აღმოჩნდა ამ საკითხების პოლიტიზირება და დღის სინათლეზე გამოტანა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

WISG-ში ამბობენ, რომ ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ფედერაციის ახალი დებულებით, 2021 წლის ჩემპიონატისთვის სავალდებულო გახდა ექიმისა და ფიზიოთერაპევტის ყოლა, ისევე როგორც ქალთა ლიგებში მოასპარეზე კლუბებისთვის ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა.

როგორც ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში აღნიშნავენ, ამის მიუხედავად დაზღვევის პაკეტები იაფფასიანია და ხშირად სადაზღვევო კომპანიასთან გადამისამართებულ ფეხბურთელებს საჭირო პროცედურები თუ მედიკამენტები არ უფინანსდებათ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახალხო დამცველი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რეკომენდაციის ნაწილში მიუთითებს იმაზეც, რომ არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომლებიც ქალი ფეხბურთელების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისკენ ან დედობის უფლების რეალიზებისკენ იქნება მიმართული.

გაცემულ რეკომენდაციაზე, მიმდინარე წლის 13 იანვარს, სფფ-მ სახალხო დამცველს წერილობით უპასუხა, რომელშიც ფედერაცია აღნიშნავს, რომ მზადაა ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმებისთვის დაგეგმილ ტრენინგებში გაითვალისწინოს ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები.
ამავე წერილში ფედერაცია აღნიშნავს, რომ მას ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და შემდგომი პერიოდისთვის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე შესაბამისი სახელმძღვანელოს (სტანდარტის) შემუშავებისთვის კომპეტენცია არ აქვს, რისთვისაც ის სახალხო დამცველს მიმართავს, უშუამდგომლოს შესაბამის ორგანიზაციებთან, რომლებიც სახელმძღვანელოს შემუშავებაში დაეხმარებიან”, – აცხადებენ WISG-ში.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ფეხბურთელი და ზოგადად სპორტსმენი ქალების მხარდაჭერას მათი ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და მოუწოდებს ყველა სპორტსმენ ქალს მოგვამართოს კონსულტაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.
WISG-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გაეცნობით აქ.

პოპულალურები