LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე ცხვრებივით მორეკეს”… ალიონის დეპუტატები და პარლამენტის თვითიზოლაცია

286
2 (2)

დღეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა თავისუფალია. არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი იცავს და არც სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები არიან მობილიზებული. არც ბარიკადებს ნახავთ, მხოლოდ პარლამენტის დაცვის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი დგას, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

“პოლიცია სიტუაციის მიხედვით მოიქცევა” – პარლამენტთან საპროტესტო აქციები გრძელდება

დილის 10:00 საათისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან მისულ აქციის მონაწილეებს სრულიად თავისუფალი ქუჩები დახვდათ და დეპუტატების მოლოდინში გაირკვა, რომ მმართველი უმრავლესობა, სრული შემადგენლობით, უკვე პარლამენტში იმყოფებოდა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ დეპუტატების სარგებლობაში არსებული ყველა ავტომანქანა, პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სიმაღლის და მარკის მიხედვით არის განლაგებული.

როგორც განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, დეპუტატებმა შეგნებულად აარიდეს თავი საზოგადოებრივი მოძრაობების აქტივისტების “სირცხვილიას”, “გაბედეს” და “შეცვალეს” მიერ მოწყობილ სირცხვილის კორიდორებზე გავლას და ალიონის დეპუტატები სამსახურში დილაადრიან გამოცხადნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს უკვე გამარჯვების ტოლფასია, ვინაიდან დეპუტატები თვითიზოლაციას ეწევიან პარლამენტში, თვითონ მოახდინეს პიკეტირებაც და საზოგადოების პროტესტმა უკვე შედეგი დადო.

“ასეთი უნიათო ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია და არც ეყოლება”: ირაკლი კობახიძეს სჯერა, რომ ნაციონალი პარლამენტში აღარასოდეს იჯდება

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, რამდენიმე ლიდერი დილიდან იმყოფება აღნიშნულ ტერიტორიაზე. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციას უკვე შემუშავებული აქვს მომავალი სამოქმედო გეგმა, თუმცა ამას მოგვიანებით გააჟღერებს.

“ყოველდღე მასხრად იგდებენ თავს. დღეს დამალობანას თამაშობენ. იცოდნენ, რომ აქ ხალხი 10:00 საათისთვის მოვიდოდა,  დეპუტატები 7:00 საათზე მოვიდნენ. ოპოზიციას რა თქმა უნდა გვაქვს სამოქმედო შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საზოგადოება და მთავრობა ამას სიურპრიზად გაიგებს”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ადგილზე იმყოფება ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ოპოზიციის აქტივობები შედეგიანია და პროცესი გაგრძელდება.

“დღეს ქუჩები თავისუფალი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არის, რომ დილის 5:00 საათზე გააღვიძეს ყველა დეპუტატი და 7:00 საათზე ასე ცხვრებივით მორეკეს პარლამენტის შენობაში. ასე სურს ბიძინა ივანიშვილს იმუშაოს? კი ბატონო! იმ შავ ხვრელებსაც ამოვქოლავთ, საიდანაც ძვრებიან პარლამენტში”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

11:45 საათისთვის პარლამენტი ბიუროს სხდომისთვის ემზადება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები