ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია “ასტრაზენეკას“ გამოყენებას აჩერებს.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა მიიღო იმისთვის, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.
მარეგულირებელმა ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც 4 ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ, მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით.
მეორე პაციენტს კი ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომელმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში. მათი თქმით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.