ბანკის ძარცვისა და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას ინტერესებს კიდევ ერთი იურისტი, ალექსანდრე კობაიძე დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ალექსანდრე კობაიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ესებუას ადვოკატობას თავად ბრალდებულის თხოვნის შემდეგ დათანხმდა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბადრი ესებუას დაკავებისას ადამიანის არაერთი უფლება დაირღვა.
„საქმეს უკვე გავეცანი. მინდა პირდაპირ აღვნიშნო, რომ მისი დაკავებისას ადამიანის მთელი რიგი უფლებები დაირღვა.
მაგალითად, ბადრი ესებუას დაკავების პროცესს ადვოკატი არ დაასწრეს და არც შეატყობინეს.
გარდა ამისა, დაკავებისას ბადრი ესებუაზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რაც დაკავების ოქმშიც ასახულია.
ეს გარემოება ცხადყოფს, რომ მისი დაკავებისას ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ მას სამაგიერო გადაუხადეს, თითქოს ჯავრი იყარა სამართალდამცავმა ორგანოებმა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ როდესაც ბადრი დააკავეს, საგამოძიებო ორგანოებმა ორი ჩანთა დაასურათეს. ერთ ერთში აღმოჩნდა პასპორტი, რომლის თანახმად, ბადრი ესებუა სოხუმში იმყოფებოდა. ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ბადრი უკან არ დაბრუნდებოდა. გარდა ამისა, ბადრი ესებუას, რომელსაც ამხელა საქმეს ედავებიან არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. “ – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებულის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ადვოკატის თქმით, ბადრი ესებუა 15:00 საათზე ჩანიშნულ პროცესს დაესწრება.
„ფორტუნა“ ბრალდებულის კიდევ ერთ ადვოკატს, იოსებ ჯანაშიასაც ესაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქმეში ახალი ადვოკატის ჩართვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
„როგორც ვიცი, ამის შესახებ ოჯახიც არაა ინფორმირებული და ალბათ, სასამართლო დარბაზში გაირკვევა ყველაფერი“. – ამბობს იოსებ ჯანაშია „ფორტუნასთან“.
ცნობისთვის, დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით განახლდება. ეს იქნება პირველი სხდომა, როცა ბადრი ესებუა საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არსებით განხილვას დაესწრება. მან გასულ სასამართლო პროცესზე, როცა პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო, აღნიშნა, რომ სხდომაზე დასწრება სურდა და არა დისტანციურად ჩართვა, ვინაიდან ჩართვისას ხმა ხარვეზებით ესმოდა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს
ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს