LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბარიერებია, მაგრამ პუტინს შეუძლია ამის გაკეთება ” – ბირთვული ომის დაწყების ხუთი შესაძლო სცენარი

639
Untitled design (7)

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხეზე ალაპარაკდა.

საფრთხე რეალური მას შემდეგ გახდა, როცა 27 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება –  რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში გადაეყვანათ.

მუქარასთან ერთად, რუსი სამხედროები რეალურ ქმედებებსაც ახორციელებდნენ, რაც ბირთვულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის იყო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავება და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა.

მაშინ, როდესაც რუსეთის აგრესია უკრაინაში ყოველდღიურად იზრდება და უფრო მასშტაბური ხდება, ანალიტიკოსები ბირთვული ომის შესაძლებლობასაც უფრო აქტიურად განიხილავენ.

“სრული კატასტროფა”, “ბინძური კომპრომისი” თუ “ხსნა” – რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი

 

 

როგორ შეიძლება დაიწყოს პუტინმა ბირთვული ომი? – ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პროექტის დირექტორი ჯოზეფ ცირინციონე ბირთვული ომის დაწყების ხუთ შესაძლო სცენარს განიხილავს.

უკრაინული მედიის ცნობით, ცირინციონემ ამის შესახებ ისაუბრა Bill Press Pods-ზე, შემდეგ კი “ტვიტერშიც” დაწერა.

 

ბირთვული ომის დაწყების პირველი სცენარი – ატომური ბომბი შავ ზღვაში

 

ექსპერტი ბირთვული ომის დაწყების პირველ, შედარებით მცირე მასშტაბის სცენარად ასახელებს შეტევას შავ ზღვაზე.

ჯოზეფ ცირინციონეს აზრით, პუტინს შეუძლია ატომური ბომბი სწორედ შავ ზღვაში გაუშვას. ამასთან, ფიქრობს, რომ ზღვაზე დარტყმა იქნება “დემონსტრაციული” მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთი კიდევ უფრო მეტ სანქციებს დაუწესებს რუსეთს, უკრაინის დახმარებას კი მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

თავდასხმა სამხედრო ობიექტზე უკრაინაში – ბირთვული ომის დაწყების მეორე სცენარი

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთს შეუძლია, ბირთვული ომი დაიწყოს უკრაინაზე ბირთვული იერიშით.

ამ სცენარის მიხედვით, რუსეთის სამიზნე სამხედრო ობიექტები იქნება და იერიშისთვის დაბალი სიმძლავრის იარაღს გამოიყენებს, თუმცა, ეს მაინც გამოიწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ განადგურებას და ასევე, შესაძლოა, ასობით ან ათასობით ადამიანი დაიღუპოს.

სცენარი 3 – პუტინი “მეორე ჰიროსიმას” მოაწყობს

 

მესამე სცენარის მიხედვით, შესაძლოა, რუსეთმა განახორციელოს უფრო სერიოზული ქმედებებიც, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ნატოსა და შეერთებული შტატებისგან საპასუხო რეაქცია.

“პუტინს შეუძლია მოაწყოს “მეორე ჰიროსიმა”, თუ გამოიყენებს ძლიერ ბირთვულ იარაღს და დაარტყამს უკრაინას. ეს ათიათასობით მსხვერპლს გამოიწვევს”, – ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, აშშ და ალიანსი, სავარაუდოდ, უპასუხებენ ფართომასშტაბიანი დარტყმებით რუსეთის დანაყოფებზე.

 

სცენარი 4 – რუსეთი თავს ესხმის ნატოს ობიექტს

 

ჯოზეფ ცირინციონე მეოთხე სცენარში ვარაუდობს, რომ რუსეთს შეუძლია ბირთვული ომი ნატოს ზოგიერთ ობიექტზე პირდაპირი შეტევით დაიწყოს.

“თუ პუტინი ნამდვილად გადაწყვეტს ამ სცენარის მიხედვით იმოქმედოს, ის მძლავრ და მასობრივ პასუხს მიიღებს. ამ შემთხვევაში ალიანსი გამოიყენებს სახმელეთო ძალებს და საჭირო იარაღს.

ამასთან, ალიანსი ჰაერიდანაც უწყვეტად შეუტევს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ ძალებს”, – ამბობს ექსპერტი.

ანალიტიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ მაინც ნაკლებად სავარაუდოა შეერთებულმა შტატებმა და ნატომ უპასუხონ ბირთვულ დარტყმას, რადგან ალიანსის მიზანი იქნება კონფლიქტის დასრულება და არა მისი გაფართოება.

 

ბირთვული ომის დაწყების მეხუთე სცენარი – რუსეთი თავს ესხმის აშშ-ს

ბირთვული ომის დაწყების ბოლო, ყველაზე საშინელი სცენარი შესაძლოა იყოს რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე “სასოწარკვეთილი” ნაბიჯი – პირდაპირი თავდასხმა შეერთებულ შტატებში არსებულ ობიექტებზე.

ექსპერტის მოსაზრებით, თუ პუტინი მსგავს ნაბიჯს გადადგამს, მან შესაძლოა ამერიკის მთავრობის განადგურება სცადოს.

ანალიტიკოსი თქმითვე, აშშ-ში პუტინის მხრიდან ბირთვული აგრესიის განხორციელების შესაძლო ვარიანტები მუშავდება. ხელისუფლებამ უნდა განიხილოს თითოეული შესაძლო სცენარი და დაფიქრდეს, როგორ უპასუხებს მსოფლიო რუსეთს დარტყმის შემთხვევაში.

“რისკი იმისა, რომ პუტინი ბირთვული ომის დაწყებაზე წავა, დაბალია. ბარიერები უზარმაზარია, მაგრამ მას შეუძლია ამის გაკეთება”, – თქვა ექსპერტმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g