მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი ბესო სოლომანაშვილი ქართველ მფრინავზე წერს, რომელიც მსოფლიოს 500 მფრინავს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ქართულ ავიაციაში მისი ადგილი არ აღმოჩნდა და გაათავისუფლეს.
როგორც ბესო სოციალურ ქსელში წერს, „ეს ფაქტი ახლა გაახსენდა, როცა თურმე სტიქიისას ვერტმფრენები და მფრინავები გვაკლია“.
„დიდი ხნის წინ, მთათუშეთში ვმუშაობდი, ომალოს სკოლაში მასწავლებლად, კლასში ერთი და ორი ბავშვი მყავდა ხოლმე, საოცარი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთ კლასში ერთი ბიჭი სწავლობდა, გამჭრიახი, გონიერი, მკვირცხლი, ბეჯითი გონებაგახსნილი, დიდ და მშრომელ ოჯახში იზრდებოდა, მიწის დამუშავება, საქონლის და ცხვრის მოვლა, რაც სოფელს აცხოვრებს, ვინაიდან მან არ იცის ამ ტექსტის შესახებ, არ ვახსენებ მის ვინაობას, მით უმეტეს რომ დასამალი არაფერი არ აქვს, მთის სოფელში გაზრდილმა ბიჭმა თავისი ოცნება აისრულა და მცირე ავიაციის საუკეთესო სამხედრო პილოტი გახდა, ნატოს სტანდარტებით მომზადებული აშშ-ში წვრთნებგამოვლილი, მთელი მსოფლიოდან 500 პილოტში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ქართულ მცირე ავიაციას ჰყავდა ასეთი პილოტი და თუ არ ვცდები 2014-ში ქართულ ავიაციაში მისი ადგილი არ აღმოჩნდა, კი არადა მცირე სამხედრო ავიაცია აღარ გვჭირდება დიდი დატვირთვითო და გაათავისუფლეს, ახლა მგონი შტატებში მუშაობს ტაქსის მძღოლად. არაფერი ისეთი, უბრალოდ ახლა გამახსენდა, სტიქიისას ვერტმფრენები და მფრინავები რომ გვაკლია თურმე… საკამათოდ არ ვამბობ, უბრალოდ სევდა მომაწვა, თორემ რა. ვისაც არ გინდათ გაგება, მაინც არ გაიგებთ და გამართლების ძებნას დაიწყებთ“, – წერს ბესო სოლომანაშვილი.
დიდი ხნის წინ, მთათუშეთში ვმუშაობდი, ომალოს სკოლაში მასწავლებლად, კლასში ერთი და ორი ბავშვი მყავდა ხოლმე, საოცარი ეტაპი…
Posted by Beso Solomanashvili on Thursday, 3 August 2023