LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება” – ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ თანამდებობა დატოვეს

207
BeFunky-Collage-113

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტს ირაკლი ლექვინაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გამოეხმაურა. მან სხვადსასხვა უწყებებსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მეგობრებო,

მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22 თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.

მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!

– პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება !:)“ – წერია ლექვინაძის “ფეისბუქ” სტატუსში.

ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის იანვარში დანიშნა. ამ თანამდებობაზე კანდიდატს სწორედ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირჩევს.

თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობა, ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემაც დაადასტურა.

მისი განმარტებით, მან და ირაკლი ლექვინაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები 8 ნოემბერს დაწერეს. კალანდაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მათი სურვილით მიიღეს.

„რაიმე პოლიტიკურ ჩარევას კატეგორიულად გამოვრიცხავ“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ლევან  კალანდაძე.

მისივე თქმით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის და ლიქვინაძე სავარაუდოდ ისევ ერთ სტრუქტურაში იმუშავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები