LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა გულუბრყვილობაა – რომან გოცირიძე ნუგზარ წიკლაურს არ ეთანხმება

89
რომან-გოცირიძე

ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა არის გულუბრყვილობა, ბოიკოტი ეს არის ზარმაცების თავშესაფარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, მისი თანაპარტიელის ნუგზარ წიკლაურის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

წიკლაურმა არ გამორიცხა,„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის ბოიკოტი და შემდეგ მისი დატოვება.  გოცირიძის თქმით, ბოიკოტის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის შიგნით არ განხილულა.

“ბოიკოტი არ დგას დღის წესრიგში. თ მერე განხილვა იქნება, გაიგებთ, მაგრამ დღეს ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც  პარტიის ერთ-ერთი წევრის სუბიექტური აზრი.” – განაცხადა გოცირიძემ

მისი თქმით, თუ ვინმეს გაუხარდება ბოიკოტი, ეს იქნება “ქართული ოცნება”

“ძალიან უჭირთ კითხვარის შევსება და თუ განტევების ვაცის და გადაბრალების ობიექტის მოძებნა მოუწევთ, პირველ რიგში ეს იქნება ე.წ. დესტრუქციული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თურმე პარლამენტში არ თანამშრომლობს. დემოკრატიული განვითარების კუთხით, სერიოზული პრობლემები რომ არის ქვეყანაში, დაწყებული სასამართლო სისტემით, დამთავრებული არჩევნებით და ის, რომ ერთი ოლიგარქი მართავს ყველაფერს და ამის გამო კითხვარის შევსების პროცესში სერიოზული პრობლემებია წარმოქმნილი, არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ დამატებითი საბაბი.” – აცხადებს გოცირიძე

“ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა არის გულუბრყვილობა. ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით ბოიკოტში, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება?! რა დაჩქარდება ამითი?! რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ?!- ილუზიაა ეს. პარლამენტი უნდა იყოს გამოყენებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხერხად, რომელმაც უნდა შეავსოს დანარჩენი სხვა მეთოდები – ქუჩის, დიდი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება​“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, საპარალამენტო ბერკეტის დაკარგვა ნიშნავს „საკუთარი უსუსურობის გამოხატულებას და საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის ხერხების გამოკლებას“.

ბოიკოტი ეს არის ზარმაცების თავშესაფარი. ბოიკოტი ნიშნავს, მოხვიდე, ხელფასი აიღო და არ იმუშაო. არ არის ეს სწორი. – აცხადებს რომან გოცირიძე.

“რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს სხვა საკითხია, განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ეს არ არის ბოიკოტი. ამას უნდა სერიოზული აწონ-დაწონა. ამაში, მეც მივიღებ მონაწილეობას და მერე რა თქმა უნდა, გეტყვით ჩემს აზრს, მაგრამ ბოიკოტი თვითდაზიანებაა. ამას ვამბობ მე, ჩემი 30-წლიანი გამოცდილებით“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ბოიკოტი თუ ვინმეს გაახარებს, ვინმეს წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს „ქართული ოცნებაა“.

„ბოიკოტზე მკვეთრი და ნათელი წარმოდგენა მაქვს და ბოიკოტი თუ ვინმეს გაახარებს, ვინმეს წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს „ქართული ოცნებაა“, ელოდებიან სხვათა შორის. ძალიან დაზუსტებული შიდა ინფორმაცია მაქვს, ელოდებიან, როდის დაისვენებენ ჩვენგან და როდის გავხდებით მათი მხრიდან დასაცინი თუ კრიტიკის ობიექტი“, – განაცხადა გოცირიძემ.

magti 5g