სამ საათზე მეტია, რაც ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილ შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით ვიდეომიმართვაში ეს მოთხოვნა მან თავად დაადასტურა.
ახლა კი ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ის ახალ მოთხოვნებს აჟღერებს:
თავდამსხმელი 2 მილიონი დოლარის გარდა, ვერტმფრენს, რუსეთის დროშას და ანკესს ითხოვს.
ამასთან, გავრცელებული კადრების მიხედვით, ერთ-ერთი მძევალი ჰყვება, თუ რა ვითარებაა ოთახში, სადაც მძევლები იმყოფებიან, მისი თქმით თავდამსხმელს ბომბები კარზე აქვს მიმაგრებული:
ბომბები აქვს დადებული კარებზე, ლაზერით არის დაკავშირებული ერთმანეთზე და როგორც კი კარი გაიღება, აფეთქდებაო”, – იმეორებს მძევალი თავდამსხმელის სიტყვებს.
თავდამსხმელი კი ამბობს: „ანახე ცოტა ხანი და მიხვდებიან, გაარკვევენ, რა მინდა“, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული რამდენიმე საათის წინ შეიჭრა.
სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის შენობაში მძევლად რჩება 12 პირი.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ.
ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს “საქართველოს ბანკი”.
ბოლო ცნობებით, შეიარაღებულმა პირმა შენობიდან რამდენიმე ადამიანიც გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაწყებულია შემდეგი მუხლებით:
- მუხლი 144 – მძევლად ხელში ჩაგდება;
- მუხლი 236 – საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
- მუხლი 323 – ტერორისტული აქტი;
- მუხლი 329 – მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.