„შევეცდებით ამ კანონს ისეთივე წინააღმდეგობა გავუწიოთ, როგორიც საზარელ რუსულ კანონს გავუწიეთ. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს, რომელზეც 11 წელია ლაპარაკობთ, ოპოზიციას თვეობით გვედგა კარვები, ქუჩაში კარვები სამი-ოთხი თვე იდგა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, „ხალხს ყველაფერი ყელში ამოუვა“.
„აქ გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო, ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა არჩევნებს. ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს…
რევოლუციას ყოველთვის ცუდი ხელისუფლება აკეთებს, რევოლუციას აკეთებს კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ზუსტად იმ ტიპის ხელისუფლება, როგორიც „ქართული ოცნებაა“. ამ ტიპის კანონებს რომ მიიღებენ, შემდეგ რევოლუციები ხდება ანუ ამისკენ მშიერ, გაუბედურებულ ხალხს მომპარავი ხელისუფლების წარმომადგენლები უბიძგებენ, რევოლუციას ოპოზიცია ვერ და არ აკეთებს.
რევოლუციას აკეთებს ცუდი ხელისუფლების მიერ ხელნაკრავი, მშიერი ხალხი.
დაველოდებით, ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში დაველოდებით გაჭირვების გამო გამოსულ ხალხს და თუ თქვენ ამას თქვენი ქონების დაცვის რევოლუციას დაარქმევთ, დაარქვით, დავინახავთ ვინ გაიმარჯვებს! საქართველო კორუფციონერების წინაშე არასდროს დაეცემა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა მმართველი გუნდის მისამართით.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება. შემოდის ახალი ამკრძალავი ნორმები. პროექტით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.