LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგვიძლია თუ არა, საქართველოში პანდემია დასრულებულად გამოვაცხადოთ: „ჩინეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი „საუკეთესო“ ადგილი ახალი მუტაციის გაჩენის“

307
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-30T164335.248

„აქტიური სეზონური გრიპის პერიოდში ვიმყოფებით, გრიპის სეზონური მატება მარტის დასაწყისამდე გაგრძელდება”, – ამის შესახებ „ფორტუნას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ივანე ჩხაიძემ აცხადებს, რომ ქვეყანაში მოცირკულირე გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირია ე.წ. ჰონკონგის H3N2 ვირუსი.

„დღეს მეორე ყველაზე აქტუალური კითხვაა რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 51-ე კვირაში ვირუსული ინფექციებით დაინფიცირებულ პაციენტებში კორონავირუსის წილი 9,8 %-ს შეადგენს. ძალიან რთულია იმის თქმა, როგორ აისახება პროცენტული მაჩვენებელი ციფრებში, ვინაიდან ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რა დროსაც გაკეთდა ანალიზი.

მაგრამ ეს პროცენტული მონაცემი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებში 100-დან 10 შემთხვევაში კორონავირუსი დაფიქსირდა .

ეს რომ იყოს 1 და 2% ვიტყოდი, რომ კორონავირუსი პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ როდესაც გვაქვს 10%-იანი მაჩვენებელი, საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი საქართველოში გაქრა და პანდემია დასრულდა, არასწორია.

ექიმები ყოველთვის ვამბობდით, რომ კორონავირუსის შემთხვევები ზამთრის პერიოდში მოიმატებს. ქვეყანაში სეზონური პიკი დეკემბერ-იანვარია. თუ წინა კვირის მონაცემებს შევადარებთ, გაციების კვალდაკვალ კორონავირუსის შემთხვევები გაზრდილია, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია.

მაგრამ არის თუ არა კოვიდ 19 საქართველოში მთავარი ვირუსი, ამაზე პასუხია – არა“, – აცხადებს ჩხაიძე.

ჩხაიძე „ფორტუნასთან“ განმარტავს, რატომ არ შეიძლება იყოს ჩინეთში გაზრდილი კორონავირუსის შემთხვევები შეშფოთების საგანი. 

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში უფრო მეტი შემთხვევა, 2022 წლის იანვრის თვეში, მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში „ომიკრონის“ ცირკულაცია დაიწყო. ახლა ჩინეთში სწრაფი მატება არ არის. არც დაინფიცირებულთა ის რაოდენობაა, რომ გლობალურ საფრთხედ განვიხილოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოში „ომიკრონი“ ცირკულირებდა, 26 ათასი შემთხვევა გვქონდა, – განმარტა ჩვენთან საუბარში ჩხაიძემ.

ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შეფასებისას, ჩხაიძე რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩინეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით ერთი წლის წინ აიცრა და შესაბამისად, აცრის დამცველობითი ძალა დაქვეითებული იქნება.

გარდა ამისა, ჩინეთი იყენებს მარტო საკუთარი წარმოების ვაქცინას, რომელიც ეფექტურობით ჩამოუვარდება თუნდაც იმ ვაქცინებს, რომელიც საქართველოში გამოიყენება.

ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევები „ომიკრონია“. „ომიკრონის“ ახალი ვარიანტები ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მათ შორის ჩინეთში, რაც არაა გასაკვირი მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე.

გასათვალისწინებელია ერთი გარემოება – ჯანმო ამბობს, რომ ჩინეთში არსებული სიტუაცია ჯერჯერობით შეშფოთების საგანს არ იწვევს.

სამწუხაროდ, ჩინეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი „საუკეთესო“ ადგილი ახალი მუტაციის გაჩენის, რაც ძალიან ცუდი იქნება“. – აცხადებს ჩხაიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი კორონავირუსის იმ შტამებზეც საუბრობს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ზაფხულის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა.

„საქართველოში ძირითადად ცირკულირებს „ომიკრონის“ მუტაციის მეოთხე და მეხუთე ქვევარიანტები, რაიმე ახალი ვარიანტი საქართველოში არ აღმოჩენილა. ქვეყანაში არ გვაქვს ყოველდღიური სტატისტიკა, მაგრამ შეგვიძლია  ვიმსჯელოთ იმ მონაცემებით, რასაც საზღვარგარეთ აქვეყნებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები იმ ინტენსივობით არ ტარდება, როგორც პანდემიის დროს.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ შემთხვევების რაოდენობა შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ ერთი რაც ცხადია, შემთხვევების რაოდენობის მატება გაზრდილი არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ე.წ. „ბუსტერდოზით“ ვაქცინირებული ადამიანების ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. საქართველოში მილიონი ადამიანია, ვინც ორი დოზა გაიკეთა და მესამე, „ბუსტერდოზა“ არ გაუკეთებია.

თუ ამ კუთხით შევხედავთ, საქართველოში ბოლომდე დაცული არის დაახლოებით, 260 ათასი ადამიანი და ძალიან ცოტას აქვს გაკეთებული მეოთხე დოზა“, – ამბობს ჩხაიძე „ფორტუნასთან“ და იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რაც აუცილებელია ვირუსისგან თავის დასაცავად.

ივანე ჩხაიძე გირჩევთ:

  • თავდაცვისთვის უნივერსალური რეკომენდაციაა ვაქცინაცია. თუ ვაქცინაციას არ ვიკეთებთ, არის კიდევ აპრობირებული მეთოდი და  არამარტო საქართველოში.
  • პირბადის გამოყენება განსაკუთრებით, რისკჯგუფის ადამიანებში.

არ ვამბობთ, რომ ადამიანებმა აუცილებლად უნდა ატარონ ნიღაბი. ვამბობთ, რომ რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ რჩევა, რომ დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება განვაახლოთ და მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ეს პრაქტიკა აღვადგინოთ.

დანარჩენი რეკომენდაციები უცვლელია:

  • ხელები ხშირად დაბანა
  • ადგილი, სადაც ბევრ დროს ვატარებთ, იქნება ეს სახლი თუ სამსახური, ხშირად გავანიავოთ.

გვახსოვდეს, 2023 წელს კორონავირუსი არსად გაქრება, უბრალოდ ვირუსის სახეს მიიღებს“, – გვითხრა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 2023 წელს კოვიდპასპორტი მოგზაურობისას საჭირო აღარაა, თუმცა ჩინეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველებს, ფრენამდე Covid-19-ის უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.

აღნიშნული მოთხოვნა ჩინეთში კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებით არის განპირობებული.

ჩინეთიდან აშშ-ში გამგზავრების მსურველებმა ტესტი ფრენამდე მაქსიმუმ ორი დღით ადრე უნდა აიღონ. ტესტი შეიძლება იყოს როგორც PCR, ასევე სწრაფი. მგზავრებმა ნეგატიური პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომამდე უნდა წარადგინონ.

აღნიშნული ცვლილება ძალაში 5 იანვრიდან შევა.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდსტატისტიკა სექტემბრიდან თვეში ერთხელ ქვეყნდებოდა, ხოლო ნოემბრიდან სტატისტიკა აღარ  ქვეყნდება.

ჯანდაცვის მინისტრმა დეკემბერში განაცხადა, რომ კვირაში ქვეყანაში საშუალოდ 150 კორონავირუსის შემთხვევა ფიქსირდება, რაც შეშფოთების საგანი ამ ეტაპზე არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები