24 საათია კურიერი ეთერში არ გასულა. რუსთავი 2-ის ვებგვერდზე ბოლო ახალი ამბავი წუხელ 21:05 საათზე დაიდო, მაშინ როდესაც 9-საათიანი კურიერის ბოლო გამოშვება გავიდა.
რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა თანამშრომლებისგან დაცლილი ნიუსრუმის ფოტო წარწერით -“ჩვენ წავედით”
აღნიშნული ფოტო ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააზიარა.
“რუსთავი 2, რუსთავი 2 დან წავიდა”- წერს ნანუკა
https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/posts/10157511193354350
ტელეკომპანიის ფეისბუქგვერდზე ამ წუთებში, პირდაპირი ეთერი გადის რუსთაველის გამზირიდან.ცხრასაათიანი კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა მაყურებელს ეთერში იმავე დროს, ამჯერად გადაცემა #სირცხვილიას ეთერში ხვდება.
„14 წლიანი ისტორიის დასასრული“ – ვინ ტოვებს რუსთავი 2-ს
ცნობილია, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია რუსთავი 2-ის სამომავლო გეგმებზე განცხადებას ხვალ გააკეთებს.
რუსთავი 2 კურიერის ძირითადმა გუნდმა დატოვა. ნათია გოგსაძემ, თამარ ბაღაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, დავით ქაშიაშვილმა, და სხვებმა განცხადება რუსთავი 2-ის ეზოში გააკეთეს.
“დიდი ნაწილი ამ აზრზეა. ხვდებით ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ ტელევიზიაში ჩვენ ნამდვილად ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, იმიტომ რომ ჩვენ აქ შექმნილი გვქონდა მართლა თავისუფლების სივრცე – განაცხადა თამარ ბაღაშვილმა.
მას შემდეგ, რაც გუშინ, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა.
ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ “ინტერესთან კონფლიქტის” მოტივით გაათავისუფლა.
კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძე.