ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
მორიგი დაპირისპირება ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. ტაძარში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფეს კარი ჩაკეტილი დახვდა.
სიტყვიერი დაპირისპირებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა დანიელი, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხსა და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა.
ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს „ცილს სწამებს“.
„მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი. მან სამ რაღაცაზე უნდა გასცეს პასუხი. პირველი – რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლოება, მეორე- მეუფე პეტრეს საშინელი ცილი დასწამა. მან ეს უნდა დაამტკიცოს. სანამ მიწაში არ ჩავა ამაზე პასუხი ექნება გასაცემი. მესამე ისაა, რომ მან ჩვენი აღსარება გასცა“,- განაცხადა მამა დანიელმა.
დაპირისპირებული მხარე საეკლესიო კრების ჩატარებას ითხოვს და იმ ბრალდებების განხილვას, რომლებიც მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას წაუყენა.
სიტყვიერი დაპირისპირება მეუფესა და დაპირისპირებულ სასულიერო პირებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.