„ძალიან რთულია დაძინება. დაძინება ყველას გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ წამლებს ვიღებთ, დამამშვიდებლებს,“ – ამის შესახებ მარიტა გუტაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა „სთორიში“ შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
მარიტამ, რომელმაც შოვის სტიქიის დროს, ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა, საზოგადოებას ის უდიდესი ტკივილი გაუზიარა, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ცხოვრებას უკავშირდება.
„სადღაც 4-5 საათამდე ვერ ვიძინებ, თუ ვიძინებ, მაშინ ვხედავ სიზმრებს.
სიზმრებში ვხედავ სამი აგვისტოს შემდეგ როგორ მეხმარება მეგი (მარიტას და, რომელიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლა.) რომ გაირკვეს, რატომ მოხდა ასე.
სამი აგვისტოს შემდეგ ცხოვრებას ვაგრძელებ სიზმრებით, დაკარგულ ცხრა წევრთან ერთად და არამარტო, იქ იყო გენადი ბიძია, რომელმაც გამზარდა და კიდევ ჩვენი თანასოფლელები.
ამით ვაგრძელებ ცხოვრებას. თუ სიზმრებს ვერ ვხედავ, ის ღამე არაფრად მიმაჩნია.
ყველანი ისე ვართ, რომ ჩვენი შინაგანი სისუსტე ერთმანეთს არ დავანახოთ.
დედაც ძალიან ძლიერად დგას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს, ეტყობა რომ ძლიერად დგას და ცდილობს, არ დამანახოს როგორი გულნატკენია, მაგრამ მე ვიცი, ვიცნობ დედაჩემს და ვიცი როგორი ადამიანია შინაგანად.
მამა ძირითადად იწყებს ფოტოების თვალიერებას და ეფერება ყველას, ცხრავეს“, – ამბობს მარიტა.
მარიტამ ისაუბრა თავის ძაღლზეც, რომელიც დაკარგული იყო.
„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ბონის გარდა კიდევ სამი ძაღლი გვყავდა, რუსული მდევრები, რომლებიც ბონიზე უფრო კარგად დარბოდნენ. მართლა არ ველოდი და რომ მითხრეს, ბიგლი დარბისო…
არ ეკარებოდა უცხო ხალხს, ეტყობა ეშინოდა პირველი ორი დღე და მერე უკვე ჩემმა მეგობარმა გადმომიყვანა.
რომ დავინახე, მეგონა ყველა გადმოვიდა, ცხრავე…
ბონი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია უკვე მესამე წელია. ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია, თითქოს, მომიყვა რა მოხდა, თითქოს მითხრა, – შენ სად იყავი?! ილაპარაკა ყველაფერი“, – ამბობს მარიტა გუტაშვილი.
„ძალიან დაკარგული ვარ. ვამბობ, რომ ცხოვრება დამემხო თავზე.
ის მწვერვალი ჩამომეშალა, რაზედაც ვიდექი. ფეხებიდან მიწა რომ გამოგეცლება, ზუსტად ეგეთ მდგომარეობაში ვარ.
თავს ვეუბნები, უნდა ვიცოცხლო იმის გამო, რომ ყველამ გაიგოს როგორი დიდი სიყვარული გვქონდა ჩვენ.
ახლა არ ვიცი ძალიან დაკარგული ვარ, ვეძებ საკუთარ თავს,“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.