”ტირანმა კვლავ მიმართა ჩვეულ ”ტრიუკს” და ამჯერადაც ჩაიმალა, რადგან ოპოზიცია ვერ გატეხა. ვერ შეიტყუა პარლამენტში და შერჩა ერთპარტიულ პარლამენტად წოდებული მარაზმი. იმავდროულად, დაემხო მისი მფარველი ტრამპის რეჟიმი ვაშინგტონში,” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების გადასარჩენად, საქართველო გაწირა და პარტიის გაწირვაში ეჭვი არავის შეპარვია.
”ახლა მისი ოცნებაა გადაარჩინოს ჩვენგან მოპარული მილოიარდები და შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება სირაქლემისეული ჩამალვით ქვიშაში, მაგრამ რა თქმა უნდა გალაკტიონიდან დავიწყოთ ”ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება” და დები იშხნელების სიმღერით დავასრულოთ – ”არ დაიჯერო, არ დაიჯერო”. ის არსად არ წასულა და არც აპირებს ამას. შესაბამისად, რეჟიმის შეცვლა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ახალი არჩევნების თარიღი გამოცხადდება და ხელისუფლებაში ივანიშვილის ბარტყების ნასახი არ დარჩება. ეს იქნება ივანიშვილის წასვლა და სისტემის შეცვლა”. – აღნიშნა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე წერილი გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის