გვესმის, რომ დღეს საზოგადოების ყუორადღება მთლიანად მიმართულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებისკენ, თუმცა გვურს გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკური პოცესებთან დაკავშირებით, – ასე დაიწყო საგანგებო ბრიფინგი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
მან ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა კიდევ ერთხელ შესთავაზა
„კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით “, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობენ, გადაამოწმონ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად.
„მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება – „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი.
ამ ვითარებაში, პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში ჩართვა.“ – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია თებერვლის პირველივე კვირაში შეიქმნება.
„მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.
ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას.
დღევანდელ ბრიფინგზე გვინდა, ასევე, შევეხოთ დაგეგმილ საარჩევნო რეფორმას, რომლის ძირითადი ასპექტები ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა. არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.“ – განმარტა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ დაელოდება, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას.
„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს. აშკარაა, რომ საქართველოში დღეს არსებულ ძირითად ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს არა აქვთ დემოკრატიულ პროცესებში დადებითი წვლილის შეტანის რესურსი. მათ ამის საშუალებას არ აძლევს უმძიმესი პოლიტიკური წარსული და თანდაყოლილი დესტრუქციული ბუნება. თუმცა, რადგან დღეს ისინი განასახიერებენ ოპოზიციას, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, არჩევნების შედეგების გადამოწმებასა და საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. იმედი გვაქვს, ისინი ამჯერად მაინც არ შეუშინდებიან და არ აარიდებენ თავს არჩევნების შედეგების გადამოწმებას. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა მათთვის არის ბოლო შანსი, გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნონ სახე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. თუ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა მათი მონაწილეობის გარეშე წარიმართება და დასრულდება, ისინი ამ შანსსაც საბოლოოდ გაუშვებენ ხელიდან“, – აცხადებს კობახიძემ.
კობახიძემ არ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს, დაიკავებს თუ არა „ქართული ოცნების“ თავჯდომარის თანამდებობას.
„იგეგმება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა. 17 საათზე უკვე ყველაფერი ცნობილი იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.