„მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გუშინ, 15 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები მისთვის „ბოლო წვეთი“ იყო.
„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.
საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ.
ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას.“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზედაც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს“.
რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმაც 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?“