LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკლესია არ დაიხურება, მით უმეტეს აღდგომის ღამეს – გიორგი გახარია

458
80965506-1545041098967122-5173415277718667264-o

“კანონი არ დაირღვევა და მის წინაშე ყველა ვართ ერთნი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას წარმოადგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საპატრიარქოსთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება და ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა როგორც ადამიანის ჯანმრთელობისა და სახელმწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობის, ისე ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება საპატრიარქოსთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს, რათა “ოქროს ბალანსი” იპოვოს.

“თუ ზედმიწევნით შევასრულებთ წესებს, მაისის შუა რიცხვებიდან თანმიმდევრულად მოიხსნება შეზღუდვები” – გიორგი გახარია

“ჩვენ ვართ საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ მოცემულობა ყოველდღიურად იცვლება. ეს არის სიტუაცია, რომელიც შეიძლება 1 საათის განმავლობაში სრულიად შეიცვალოს. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სახელმწიფოს ასევე ესმის, რომ ამ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები ისე, რომ არ დავანგრიოთ სახელმწიფო, ეკონომიკა და ეკლესია, რაც ძალიან რთული გამოწვევაა”, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, ეკლესია არ დაიხურება.

 

“მთელმა მსოფლიომ იხილა კადრები როგორ მიმდინარეობს ქართულ ეკლესიაში მღვდელმსახურება, ადამიანებს შორის დისტანციის დაცვით, ეს გახდა სამაგალითო. ეკლესია რა თქმა უნდა, არ დაიხურება, მით უმეტეს აღდგომის ღამეს. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ ადგილზეა ადამიანების ჯანმრთელობა, სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკლესია არ დაიკეტოს. ეს არის ისტორიული გამოწვევა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 15 აპრილის, 21:00 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალა.

თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ჩაიკეტა: 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g