“საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როდესაც ჩვენ მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათს საკოორდინაციო საბჭო ლოკალურ დონეზე დამატებითი ღონისძიებების დაწესებაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, სავარაუდოდ არ გახდება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება.
“რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს ორშაბათს.
ეკლესიის მხარდაჭერა, ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ და, აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება საჭირო რადიკალური შეზღუდვების დაწესება,” – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი დღეს ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო. ენგურის ხიდთან, გახსნილ სამედიცინო პუნქტებში სწრაფი ტესტი უკვე 1 200-მდე ადამიანს გაუკეთეს. ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად ორი მოსაცდელი კარავია, ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი.