„ზურა ჯაფარიძე პარლამენტში არც შემოსულა, არც აპირებდა შემოსვლას. შესაბამისად, ისევ ჩვენზეა დამოკიდებული შევუწყვეტთ თუ არა მას მანდატს, ის ვერაფერს დატოვებს, არ შემოსულა და რას დატოვებს?!“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
ამასთან, სუბარი პარტია „ლელოს“ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ არ გამორიცხა, რომ ადგილობრივი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
„ლელომ“ ძალიან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე მინიმუმ 50%-ით ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ამას ნათლად დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი. ახლა კარგი საბაბი მიეცათ, რომ ბოიკოტზე იფიქრონ და ამით საბოლოოდ დაასრულებენ თავიან ფსევდო პარტიას და ფსევდო პოლიტიკურ მოღვაწეობას,“ – განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა და მეტი საბოტაჟის შექმნა სურს.
„არ ვიცი, მეტი საბოტაჟი რა შეიძლება იყოს, მაგიდაზე ახტომები, სხდომების ჩაშლა და ბოლოს, როდესაც ყველა იარაღი გამოელიათ, პარტიული ტელევიზიების წამყვანები, დირექტორები, მფლობელები გამოიყვანეს წინა ხაზზე, იფიქრეს, რომ ამით მაინც მოახდენდნენ რევოლუციას, ამით მაინც შეარყევდნენ ქვეყანას, გამოიწვევდნენ დესტაბილიზაციას, ახლა ეს კოვზიც ნაცარში ჩაუვარდათ.
ასეულ ადამიანზე მეტი არ გამოვიდა ამ მედია მფლობელების დაძახებულზე ქუჩაში, გამოვიდნენ მათი თანამშრომლები, რომლებსაც ხელფასებს უხდიან. ახლა ერთადერთი რაც დარჩათ, არის მაქსიმალური დესტაბილიზაცია და მეტი საბოტაჟი. სწორედ ამის იარაღი გამოვაცალეთ ჩვენ მათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.