უქმად ყოფნისა და ერთმანეთში კამათის დრო აღარ არის, კაცობრიობის არსებობას საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აპრილში გამოცხადებული გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ 2030 წლისთვის, 2005 წელთან შედარებით, სათბური აირების გამოყოფა 50-52%-ით უნდა შეამციროს.
„ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ აშშ არა მხოლოდ დაბრუნდა მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ თავისი მაგალითით წარმოადგენს ლიდერს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტრიბუნიდან თქვა, რომ თუ კლიმატურ ცვლილებებზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე რეაგირებას დღესვე არ მოახდენენ, ხვალ შესაძლოა უკვე დაგვიანებული იყოს.
გაერო-ს გენერალური მდივანი კი გლობალურ გამოწვევასთან საბრძოლველად და კიდევ ერთი პრობლემის, ანუ კოვიდ-პანდემიის დასამარცხებლად განვითარებადი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად დაფინანსების გამოყოფას ითხოვს.
სამიტის დროს ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ბრაზილიის, კანადის, რუსეთის, ინდონეზიისა და კონგოს ტყეების შესანარჩუნებლად, სადაც პლანეტის მწვანე საფარის 85% მდებარეობს.