არავინ არავის არაფერი აჩუქა, ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. აპელირება, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახი, ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, არასწორია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერის ოჯახისთვის ბაკურიანის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ტყის მონაკვეთის იჯარით გაცემა აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
„აბსოლუტურად ლეგალურად შეგიძლიათ მიმართოთ სატყეო სააგენტოს და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოგეცემათ ასევე საიჯარო ვალდებულებებით. არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. მათ მიერ აღებული ვალდებულება – წელიწადში 5000 ლარი კანონმდებლობით არის განსაზღვრული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმავე გააკეთოს. ეს თანხა კანონმდებლობამ განსაზღვრა და დაფუძნებული იყო სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ეს ფასი საკუთრებაში რომ გაქვს და შეგიძლია ეკონომიკური სარგებელი მიიღო, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ჩვენ ასზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების, შეიძლება ეს იყოს მის საცხოვრებელ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს, რომ ტყე კარგად იყოს მოვლილი. ჩვენი პასუხისმგებლობაა 3 მილიონზე მეტი ჰექტრის მოვლა, ამიტომ კერძო სექტორის ჩართვის გარეშე გაგვიჭირდება, რომ ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, როგორიც გვინდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.