სუს-ის ჯგუფმა ევროპის ცენტრში იაფფასიანი შოუ მოგვიწყო, – ეს განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრაზე გააკეთა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარით ბელგიის პოლიცია დაინტერესდება.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თვალთვალი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა.
მან „ფეიკ-ნიუსების“ ტელევიზიები უწოდა, ადგილზე ჩასული ტელეკომპანიების წარმომადგენლების ნაწილს.
“ხალხი ჩამოვიდა ძალიან შორიდან თვითმფინავებით, ავტობუსებით, რათა შევხვდეთ და ჩვენი სამშობლოს ბედზე ვიმსჯელოთ. თქვენ ნახეთ, ევროპის ცენტრში ჩვენ იაფფასიანი შოუ მოგვიწყეს. აქ ჩამოსულია სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა. თვალთვალი სანქციის გარეშე საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება, მით უმეტეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია ამ ხალხს გაესაუბრება და ევროპაში მეორედ აღარ შემოუშვებენ. აქ ჩამოსულია მათი ფეიკ-ნიუსების ტელევიზიები,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ “იქეთა მხარეს არის ბოღმა და ტყუილი, ხოლო აქეთ – ინტელექტუალური ადამიანების ნათელი სახეები“.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, ინციდენტი მოხდა. ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.