პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია “ევროპულ საქართველოსთან” დასრულდა. შეხვედრა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში მიმდინარეობს.

გიორგი გახარია ფრაქციის დეპუტატების კითხვებს დაახლოებით 1 საათისა და 40 წუთის განმავლობაში პასუხობდა. კითხვები ძირითადად 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

ფრაქციის სხდომაზე, გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა, რომლის მსგავსიც 20-21 ივნისს იქნა გამოყენებული და, რომელსაც მისი თქმით, აწერია „არა ლეტალური“. 

ირმა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, ვინ მიიღო აქციის დარბევისას იმ ტიპის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება და იცოდა თუ არა, რომ ამ ტყვიებს აწერია „ნაკლებად ლეტალური“. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნადირაშვილი იტყუებოდა და ტყვიას აწერია „არა ლეტალური“.  ამასთან, მან დეპუტატს დარბაზში ტყვიაც გადასცა.

საუბარში ჩაერთო დეპუტატი აკაკი ბობოხიძეც და გიორგი გახარიას აღნიშნული ტყვიების გამოცდა შესთავაზა: „ერთი მე მესროლეთ და მე ვისვრი“.

„ამაზე უბრალოდ ვერ გიპასუხებთ, რადგან თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ, მე კი პასუხისმგებლობა მაქვს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს.

გარდა ამისა, ირმა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას კითხა, გამოიყენებდა თუ არა კიდევ ამ ტყვიებს აქციის დარბებიას, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უპასუხა, რომ “ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდამსხმელებისგან იქნება დასაცავი”.

დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას მაკო გომურის კითხვაც წაუკითხა. 

„ნაციონალები“ აქედან გაიქცნენ, თქვენ მიკროფონს არ მირთავთ, ეს არის თქვენი შიში, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამომრჩეველი „ევროპულ საქართველოს“ არჩევნებზე შეაფასებს.

სერგი კაპანაძემ გახარიას პოლიციელების მიმართ ძალადობაზე დაუსვა კითხვა და აღნიშნა, რომ არიან „ქართული ოცნების“ კანდიდატების კამპანიებში ჩართული ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელებს, თუმცა ისინი არ არიან დაკავებული.

გიორგი გახარიას შეფასებით, აღნიშნული კითხვა საღი აზრის ფარგლებში არ ჯდება.

„თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით,” – უპასუხა გახარიამ ფრაქციის სხდომაზე კაპანაძეს.

 

ქეთი გიგოლაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები