ბათუმის აეროპორტი კიდევ უფრო კომფორტული გახდება – მისი გაფართოების პროექტი იწყება.  ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საავიაციო სფეროში მომუშავე ადამიანს, სწორედ ავიაციის საერთაშორისო დღეს მიაწოდა.

„კომპანია “ტავ ჯორჯია” ახორციელებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას. აეროპორტს 3300 მ2 ახალი სივრცე დაემატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ. უკვე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ბათუმი. ეს სასიამოვნო გამოწვევაა. ბათუმს ბევრი ვიზიტორი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ამას ღირსეულად ვპასუხობთ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად”, -განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა გახდა პროექტის გაჭიანურების მიზეზი, რომლის რეალიზებასაცტავ ჯორჯია” 2019 წლის ნოემბრიდან გეგმავდა.

AviaNews-ის კითხვაზე, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა თუ არა, მინისტრმა შემდეგი თქვა: „არანაირი გაუგებრობა ჩვენ არ გვქონია. “ტავ ჯორჯია” არის ჩვენი პარტნიორი, მაგრამ იმავდროულად “ტავს” თავისი ვალდებულებები გააჩნია, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში. გარკვეული პროცედურები არსებობს კანონმდებლობის მიხედვით და როდესაც “ტავმა” გაიარა ყველა ეს პროცედურა და ყველა აუცილებელი შეთანხმება მოიპოვა, მათ შორის მშენებლობის ნებართვა, ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ რომ თავისუფლად გააგრძელებს. ჩვენი მხრიდან ეს პირიქით მოთხოვნა იყო, რომ ეს პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დაწყებულიყო. ვადები უკვე გაწერილია, უახლოეს პერიოდში დაიწყება და თვეები დასჭირდება მის გაფართოებას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, “ტავ ჯორჯიას” გათვლებით, კომპანიას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაუჯდება.

მსგავსი თემები