“საქართველოში არის შიმშილი, ეკონომიკური კატასტროფა. ივანიშვილი გახარიას აბრალებს, გახარია-ივანიშვილს, კობახიძე ვიღაცას აბრალებს. ეს პირველად არ ხდება.” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მყოფი თითოეული პოლიტიკოსია დამნაშავე იმ კატასტროფაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
ვაშაძე კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ისინი არიან იმ მენტალობის მატარებლები, რაც რუსეთშია და სწორედ ისინი აგებენ პასუხს ქვეყანაში არსებულ გაჭირვებასა დამიანის უფლებების დარღვევაზე:
“გახსოვთ, კვირიკაშვილი რომ გადააყენეს, ბავშვების შიმშილი კვირიკაშვილის ბრალიაო. იმის მერე რა, ბავშვები მაძღრები არიან და შიმშილი აღარ არის? ყველა ეს საკითხი იმისთვისაა შემოგდებული, რომ ჩვენ არ ვიმსჯელოთ რეალურ პრობლემებზე. ვინ არის დამნაშავე, რომ საქართველოში ასეთი ეკონომიკური კატასტროფაა. ვინ არის დამნაშავე, რომ პენსიონერს პენსია არ ეზრდება, რომ საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის – მთლიანად ეს გუნდი არის ერთი სახე. თითოეული მათგანია დამნაშავე იმ კატასტროფაში, რაც დღეს ქვეყანაშია. ეს არის ბელეტრისტიკა, მეტი არაფერი. ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ისევ “ნაცმოძრაობაზე” საუბრობენ, “ნაცმოძრაობა” “ქართულ ოცნებაზე”, ეს გაუთავებელი პინპოკი და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა თუ არ დავამთავრეთ, ამ ქვეყანას არ ეშველება.
გახარიაც, ივანიშვილიც, კობახიძეც, თალაკვაძეც, სულ ყველა პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში გაჭირვებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე. “მეჟდუსაბოიჩიკში” ვინ ვის უღალატა, ნაკლებად მაინტერესებს. უნდა გამოვიყენო ეს რუსული ტერმინი იმიტომ, რომ ეს ხალხი არის იმ მენტალობის მატარებელი, რაც რუსეთშია. ყველა ეს ადამიანი არის ერთსახოვანი. დამნაშავეები არიან უმძიმეს გაჭირვებაში. ეს პოლიტიკური “მეჟდუსაბოიჩიკი” უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.” – თქვა ვაშაძემ.