LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას პარტია არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუჭერს

1158
გახარია 3

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მხარს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერენ.

როგორც გახარიამ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას მხარდაჭერა სწორედ იმ მოქალაქეებმა გამოუცხადეს, რომლებსაც ქვეყანაში აღნიშნული ორივე „რადიკალური ძალის“ დასრულება სურს.

გახარია: არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, „კარუსელებს“

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების.

შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი. თვითონ ფაქტმა, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, მიანიშნა, რომ უარი უთხრეს რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას აწყობს, როცა მისი მერობის კანდიდატი ციხეში უნდა იჯდეს, ყოფილი პრეზიდენტის გვერდით.

„მე ვასრულებ ჩვენი მოქალაქეების მითითებებს, მათი მითითებების შესაბამისად, განსაკუთრებით ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ.

ჩვენ ყოველთვის და ღიად ვიქნებით წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის, იმ უნამუსო გაყალბების და ჩვენი საქართველოს მოქალაქეების მოპარვის და შესყიდვის, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უსუსურ „ოცნებას“ აქამდე მივეცით შესაძლებლობა ქვეყანაში მდგომარეობა მიეყვანა იქამდე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიტინგს გვიწყობს და იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი გვერდზე ეჯდეს ყოფილ პრეზიდენტს – ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას.

ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი და მათ არ ვეტყვი, ვის მისცენ ხმა ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ხმა, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც „ოცნების“ ლტოლვას, ძალაუფლება შეინარჩუნოს ძალადობით ქვეყანაში, ასევე „ნაცების“ სურვილს, ძალადობით მოაწყოს რევანში.

თვითონ აპრიორი, რომ ხალხმა ჩვენ მოგცა ხმა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის მიუღებელია, როგორც „ოცნების“ დაუოკებელი ჟინი, ძალადობით შეინარჩუნოს ძალადობა, ისე „ნაცების“ ცირკი და ერთობლივი მასკარადი, რომელიც მოაწყვეს იმისთვის, რომ რევანშის უფლება ჰქონდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

magti 5g