LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გამოწვევებს არასდროს ვუშინდებოდი, ამიტომაც როგორც კი დავინახე ვაკანსია ლექტორის პოზიციაზე, მაშინვე შევავსე განაცხადი და გავაგზავნე” – 23 წლის მარიამ გობიანიძე ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორია

1439
გობიანიძე

მაასტრიხტის უნივერსიტეტის ბიომედიცინის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულმა და ამავე უნივერსიტეტის ევროპული ჯანდაცვის მართვის მაგისტრმა მარიამ გობიანიძემ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერებათა დეპარტამენტში ლექტორის პოზიცია დაიკავა. 23 წლის მარიამი „ფორტუნას“ საზღვარგარეთ ცხოვრებასა და მნიშვნელოვან წარმატებაზე ესაუბრა.

23 წლის მარიამ გობიანიძე ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი გახდა

როდის წახვედი საზღვარგარეთ სასწავლებლად?

2017 წელს ევროპული სკოლის, საერთაშორისო ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე წავედი სასწავლებლად ნიდერლანდებში და სწავლა დავიწყე მაასტრიხტის უნივერსიტეტში ბიომედიცინის ფაკულტეტზე. Minor-ად ავირჩიე ფარმაკოლოგია. ბიომედიცინის ბაკალავრის ხარისხის მიღებასთან ერთად გავიარე „Honour’s Programme”, რომლის ფარგლებშიც მომენიჭა დიპლომი პროექტზე, „ავტოიმუნური დაავადებების ერთდროული გამოვლინების სიხშირე სხვადასხვა რისკ-ჯგუფის ადამიანებში” მუშაობისთვის. ეს პროექტი წარვადგინე ლივერპულში British Society for Immunology Congress (BSI)-ზე, რომელიც არის გაერთიანებული სამეფოს იმუნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი კონგრესი საერთაშორისო მკვლევრებისთვის. 2020 წელს დავიწყე მუშაობა მაასტრიხტის უნივერსიტეტში, საოჯახო მედიცინისა და ჯანდაცვის დეპარტამენტში, research assistant-ის პოზიციაზე. ამ პერიოდში ვმუშაობდი კვლევაზე, „A systematic review on the methodological literature and characteristics of headroom analysis”, რომელიც რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება. 2021 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე მაასტრიხტის უნივერსიტეტში, ევროპული ჯანდაცვის მართვაზე. მაგისტრის ხარისხის მიღებასთან ერთად გავიარე „Premium Honour’s Programme”, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობდი საკონსულტაციო ფირმა, „Ekwadraat”-ში, რომელიც სპეციალიზებულია მდგრადობის, ენერგიის დაზოგვისა და transition management-ის სფეროში.

აქ ყოფნის პერიოდში შევქმენი რეპორტი ნიდერლანდების მუნიციპალიტეტებისთვის თემაზე, რომელიც ეხებოდა ელექტროენერგიის დეცენტრალიზაციას ნიდერლანდებში. მაგისტრატურის პერიოდში ასევე ვიყავი უნივერსიტეტის ელჩი.

1 წლის წინ გამოქვეყნდა ჩემი პირველი ნაშრომი, „Advancing diversity and inclusion agenda in healthcare organisations: The case of German university hospitals”, ევროპულ სამეცნიერო ჟურნალ, „South Eastern European Journal of Public Health (SEEJPH)”-ში. 2022 წლის სექტემბრიდან კი ვიწყებ მუშაობას ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე მეცნიერებათა დეპარტამენტში.

შენი წარმატების შესახებ რომ გვიამბო, როგორ მოხვდი ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში?

მაგისტრატურის დამთავრებისთანავე დავიწყე ვაკანსიების ძებნა როგორც აკადემიაში, ასევე კერძო სექტორში. სულ მქონდა იმის სურვილი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ჩემი პოტენციალის გამოვლენისთვის ყოველთვის ვეძებდი ისეთ გარემოს, რომელიც კვლევითი მიზნებისთვის იქნებოდა ხელსაყრელი და რომელიც განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას მომცემდა.

გამოწვევებს არასდროს ვუშინდებოდი, ამიტომაც როგორც კი დავინახე ვაკანსია ლექტორის პოზიციაზე, მაშინვე შევავსე განაცხადი და გავაგზავნე. დიდი იმედი არ მქონია, რომ დამიკავშირდებოდნენ, მაგრამ გაგზავნიდან მეორე დღესვე დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს. ძალიან გამიხარდა, რადგან საერთოდ არ ველოდებოდი, თუ ინტერესს გამოვიწვევდი.

შეხვედრისას ვისაუბრეთ ჩემს მოტივაციაზე, თუ რატომ უნდა დამეკავებინა მაინც და მაინც მე ეს პოზიცია, გამაკეთებინეს სიტუაციური ამოცანები, მკითხეს თუ როგორი უნდა ყოფილიყო კარგი ლექტორი და ამ თვისებებიდან რომელი იყო ჩემი ძლიერი მხარე და რომელი სუსტი. დაახლოებით ერთსაათიანი გასაუბრების შემდეგ მითხრეს, რომ ძალიან უნდოდათ, მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ისიც მითხრეს, რომ დაახლოებით ორ კვირაში აგებინებდნენ გასაუბრების შედეგს აპლიკანტებს, თუმცა იმდენად ვაკმაყოფილებდი ლექტორის პოზიციისთვის არსებულ კრიტერიუმებს, მათი აზრით, რომ იმ დღესვე ამიყვანეს. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. 1 თვის წინაც რომ გეკითხათ, სად ხედავ საკუთარ თავს 5 წელიწადშიო, მაშინაც ვერ ვიფიქრებდი ამას. შრომასთან და მიზანდასახულობასთან ერთად ვფიქრობ, რომ აუცილებელია სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდე. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი გავხდი.

შენი გადმოსახედიდან და გამოცდილებიდან, რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?

ვფიქრობ, რომ ევროპაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია თუ არ ხარ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე რთულია ენობრივი ბარიერი. კომპანიების თუ ორგანიზაციების უმეტესობა ითხოვს პროფესიულ დონეზე ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ოფიციალური ენის ცოდნას. ასევე, თავს იკავებენ აიყვანონ სამსახურში არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები, რადგან რთული პროცედურებია გასავლელი, რომ მიანიჭონ მათ ვიზა და მუშაობის უფლება.

ჩვენ ორმაგი შრომა გვიწევს იმისთვის, რომ იგივე პოზიციაზე დავიწყოთ მუშაობა, დაძაბვის, მოდუნების, უკანდახევისა და შეშინების უფლება არ გვაქვს. უცხო ქვეყანაში ძალიან ბევრი და ძლიერი კონკურენტი გყავს, მაგრამ დაუძლეველი არაფერი არ არის.

თუ აჩვენებ შენს დიდ შემართებას, მიზანდასახულობას და უდიდეს შრომას, ეს შედეგს საბოლოოდ მაინც გამოიღებს. კონტაქტები და მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანია. უმეტესობა სწორედ „Networking”-ის საშუალებით იწყებს მუშაობას. ყოველთვის უნდა ფიქრობდე საკუთარი თავის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე, გამოწვევებს არ უნდა შეუშინდე. თუ რაღაც არ გამოვა, ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ორმაგად უნდა შეუტიო.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ლექტორის პოზიციაზე 1+2 წლიანი კონტრაქტი მაქვს. სამომავლოდ ვფიქრობ დოქტორანტურაზე ჩაბარებას, თუ აკადემიაში გავაგრძელებ მოღვაწეობას, თუმცა ინდუსტრიაში მუშაობის გაგრძელებით მეტად ვარ დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, კარიერის შემდგომ ეტაპზე, კლინიკური კვლევის მენეჯერის პოზიციაზეც ვხედავ საკუთარ თავს. თანამედროვე სამედიცინო სფეროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, კლინიკური კვლევები არსებით მიზანს ემსახურება იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე სახის მკურნალობა, სამედიცინო მედიკამენტი თუ მოწყობილობა უსაფრთხო და ეფექტური. მსურს ვიყო პასუხისმგებელი კლინიკური კვლევების პროცესის წარმართვაზე ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიებისა და კლინიკური პროცედურების გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები