LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსხვავებული ტაქტიკა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ – სოფლის მეურნეობა მთაში

507

”თუ მთავრობის ტაქტიკაა შეწამვლა, ჩვენი სტრატეგიაა-გადატანა”, – ამის შესახებ პროექტ „გემოვანის” ავტორი ირაკლი ჩავლეშვილი აცხადებს.

„გემოვანი” აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალ ტაქტიკაზე მუშაობს. როგორც ირაკლი ჩავლეშვილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, „გემოვანის” მიზანია, სოფლის მეურნეობა მთაში გადაიტანოს.

”მოგეხსენებათ, რამხელა ზარალი მიადგა ქვეყანას აზიური ფაროსანას გამო, რამხელა ფინანსური დანაკარგი ნახეს ფერმერებმა. აზიური ფაროსანა არის საყოველთაო პრობლემა. ყველა ფიქრობს, რომ მას შეწამვლით უშველიან, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ჩვენი დაკვირვებით, ფაროსანას სუსტი მხარე არის ის, რომ ის აქტიურ პერიოდში, ანუ გაზაფხულიდან შემოდგომამდე ვერ იტანს სიცივეს (ზამთარში გადადის ძილის რეჟიმში და იმალება). შესაბამისად, მისთვის არასახარბიელო პირობებია ალპურ ზონაში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა სოფლის მეურნეობას მთაში თუ გადავიტანდით”, – აღნიშნა ჩავლეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად იმ საკარმიდამო ნაკვეთებისა და ეზოების შეწამვლა, სადაც მავნელებლია გავრცელებული, საკმარისი არ არის. ამიტომ, ზარალის შესამცირებლად, კარგი იქნება თუ მოხდება ფერმერების სტიმულირება, რომ მათ თავიანთი მეურნეობა მთაში აიტანონ.

”ეს ტაქტიკა სარგებელს მოგვცემს 2 მიმართულებით: 1. ფაროსანასგან მიყენებული ზარალი იქნება მინიმალური, თუ სოფლის მეურნეობა ბარში შემცირდება და გადავა მთაში. 2. მოხდება მთაში დამზადებული პროდუქციის პოპულარიზაცია. მოგეხსენებათ, რამდენად ნატურალური პროდუქცია იწარმოება მთაში და როგორი სასარგებლოა ის ჯანმრთელობისთვის”, – აღნიშნა პროექტის ავტორმა.

როგორც ირაკლი ჩავლეშვილი განმარტავს, ”გემოვანი” უკვე დიდი ხანია, რაც ფერმერებთან ამ მიმართულებით მუშაობს და უკვე ბევრი მათგანია დაინტერესებული მთაში წარმოების დაწყებით. ”საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი აგრო-სასურსათო პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ჩვენ ამ პროდუქციას წავახალისებთ. აპრილიდან უკვე ვიწყებთ ”გემოვანის” ფარგლებში ყოველკვირეული ბაზრობის გამართვას, სადაც მთაში წარმოებულ პროდუქციას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და გაცილებით მაღალი ფასი ექნება”, – განმარტა ჩავლეშვილმა.

შეგახსენებთ, პროექტი ”გემოვანი” გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, რომლებიც 100%-ით ნატურალურია, ესენია: რძე, რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, პარკოსნები, პური, მარცვლელული და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები