LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილმა ან მოსმენებზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ან აღიაროს, რომ არის უუნარო, ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას ოპოზიცია აკონტროლებს: ნაცვლიშვილი

70
ანა ნაცვლიშვილი

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ინტერნეტსივრცეში უკანონოდ გავრცელებულ ჩანაწერებს და ამ ჩანაწერებზე პრემიერის გამოხმაურებას პასუხობს და აცხადებს, რომ მოსმენაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ან უნდა თქვას, რომ არის უუნარო პრემიერი, ფაქტობრივად ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ სუს-ს ოპოზიცია აკონტროლებს.

სააკაშვილის, ბოროტი ძალის ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია – ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია: პრემიერი გავრცელებულ მიყურადების ფაილებზე

ნაცვლიშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც ოქტომბრის შემდგომ გამოცხადებულ დევნის და რეპრესიების ქრონიკებს მიემართება, ავტომატურად ჯდება ავტორიტარული მმართველის განცხადებებში:

“ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მიემართება ოქტომბრის შემდგომ გამოცხადებულ დევნის და რეპრესიების ქრონიკებს, ავტომატურად ჯდება ავტორიტარული მმართველის განცხადებებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მმართველები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. მან კიდევ ერთხელ მოხაზა ის სივრცე რომელსაც ის ეკუთვნის – ავტორიტარიზმს.

რაც შეეხება ოპოზიციის მიმართულებით ისრების გადატანას, ღარიბაშვილს ახლა აქვს ორი არჩევანი – ან თქვას, რომ ის არის იმდენად სუსტი და უუნარო პრემიერი, რომ მასთან დაქვემდებარებულ სუს-ს ოპოზიცია ვაკონტროლებთ და მაშინ უნდა გადადგეს, თუ ასეთი უუნარო პრემიერია, ან უნდა აღიაროს, რომ სამღვდელოების ან სხვათა მოსმენებს აკეთებს ის უწყება, რომელიც კანონით პირდაპირ არის მის დაქვემდებარებაში. ან აიღოს პასუხისმგებლობა მოსმენებზე, რადგან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ახორციელებს მოსმენას ან ის არის საოცრად უუნარო, ფაქტობრივად, ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას აკონტროლებს სხვა და ჰოი საოცრებავ, ეს არის ოპოზიცია.” – თქვა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ტოტალური კონტროლი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს:

“დღეს საქართველოში პროცესებს წარმართავენ არა პოლიტიკური ლიდერები, ღია, კანონზე დაფუძნებული პროცესები კი არ მიმდინარეობს, არამედ სადღაც დახურულ კულუარებში დაწერილი და კომპრომატებზე აწყობილი სქემებით წყდება ქვეყნის მართვა და ხალხის ბედი. ეს არის მთავარი პრობლემა და ეს თუ არ დასრულდება, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ეს არის ყველაზე უფრო მძიმე ფსკერი, ამის იქით კიდევ უფრო მძიმე პროცესები დაიწყება და განვითარდება. ტოტალური კონტროლი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკანონო მიყურადების შესახებ გავრცელებული ჩანაწერები სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მძიმე პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნული ფაქტი გასულ ხელისუფლებასა და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა, ქვეყნის მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაციაა.

პოპულარულები