როგორ ვმართოთ დიარეა და ღებინება, რომელიც ინფექციით არის გამოწვეული. ამ თემაზე პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ სტუმრობისას ისაუბრა:

„თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვი ღებინების შემდეგ თავს კარგად გრძნობს, არ აქვს თავბრუს ხვევა, არ არის მივარდნილი, ძილად მიშვებული, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს იმის საშუალება, რომ მოახდინოს კუჭიდან ევაკუაცია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ დამთრგუნველი საშუალებები. უნდა დავტვირთოთ მხოლოდ და მხოლოდ რეჰიდრატაციის საშუალებებით. არსებობს ასეთი ძალიან კარგი საშუალებები, მაგრამ თუ ეს სპეციალური ხსნარები არ გაქვთ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ და იმით დავირთოთ ბავშვი, მაგალითად, მარილი, შაქარი და წყალი. ორალურ რეჰიდრატაციის საშუალებას ყოველი შემდგომი ამოღებინების შემდეგ ვაძლევთ ბავშვს და ვაკვირდებით. თუ ბავშვს ბაქტერიული პროცესი და ამის შედეგად გამოწვეული დიარეა და ღებინება აქვს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სპეციფიკური მკურნალობაა საჭირო და აქ ერთვება ანტიბაქტერიული საშუალებებიც. ვირუსული პროცესის შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო. ვირუსული პროცესის შემთხვევაში ბავშვს აქვს ღებინება და ღებინება როდესაც ჩერდება, ხდება დიარეის განვითარება. ამ დროს ბავშვს ჩვეულებრივად ვაწვდით საკვებს, რადგან ის უკვე ირგებს მას. თუ ბავშვი აქტიურია, თუ არ ვითარდება სომნოლენცია, თუ ის ადეკვატურად იღებს საკვებს და სითხეს, ასეთ შემთხვევაში, მას არ სჭირდება ინტრავენური გადასხმა, რომელიც ძალიან უყვართ მშობლებს და ხშირად ითხოვენ ამ პროცედურის ჩატარებას.

საშიშია თუ არა ლურჯი ლაქები ახალშობილის კანზე – ინგა მამუჩიშვილის განმარტება

თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვი 5-10 წუთში ერთხელ ორალურად იღებს 5-10 მილილიტრ სითხეს, თუნდაც აღებინებდეს, თუ შემდეგ ისევ იღებს სითხეს, მას არ სჭირდება ინტრავენურად სითხეებით დახმარება.

რა თქმა უნდა, კლინიკის შემთხვევაში ხდება ხოლმე მიკროელემენტების განსაზღვრა და ამ მიკროელემენტების დეფიციტის შემთხვევაში შეგვყავს ხოლმე აღნიშნული სითხეები.

ბავშვი შეიძლება უარს აცხადებდეს საკვებზე, მაგრამ თუ სითხის მიღებაზეც უარი თქვა, მივარდა, აღენიშნა მაღალი, შეუპოვარი ცხელება, გაუჩნდა ნევროლოგიური სიმპტომატიკა, თავის, კისრის ტკივილი და ა.შ. აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

რაც შეეხება სხვადასხვა მეთოდებს და ხალხურ მედიცინას, ხალხური მედიცინის წინააღმდეგ ვერ წავალ, რადგან საბოლოო ჯამში აბსოლუტურად ყველა მედიკამენტს ხალხური მედიცინა უდევს საფუძვლად. მაგალითად, ამ დროს ძალიან კარგია თბილი გვირილიანი ჩაის მიღება. მე თვითონ ხშირად ვასწავლი ხოლმე შემდეგ რეცეპტს, რაც გულისხმობს, ბრინჯის, ბანანის, ვაშლის წვენის და ტოსტის, ორცხობილას შემცველობით დამზადებულ ფაფას, რომელიც ძალიან კარგია დიარეის დროს. ხშირად მეკითხებიან მშობლები, თუ როგორი დიეტა უნდა დაიცვას ამ დროს ბავშვმა. ბავშვთა ასაკში დიეტა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არაჯანსაღი პროდუქტები ისედაც არ უნდა შედიოდეს მათ რაციონში, ვგულისხმობ, მაიონეზს, კრემიან ნამცხვრებს და ა.შ. დიარეის შემთხვევაში ყველა სხვა საკვები ჩვეულებრივ უნდა მიიღონ ბავშვებმა. თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, აუცილებლად უნდა გავახშიროთ ძუძუთი კვების რეჟიმი. ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვკვებოთ, თუნდაც ყოველი კვების შემდეგ ღებინება აღენიშნებოდეს. არასწორია, როდესაც მხოლოდ ორცხობილაზე, წყალზე და კარტოფილის პიურეზე, მათ შორის, ბრინჯის ნახარშზე გადაჰყავთ ბავშვები. ამ დროს ვიტამინებით დატვირთული საკვების მიღება მნიშვნელოვანია. ბრინჯის ნახარში შეგიძლიათ მისცეთ, ოღონდ უნდა მისცეთ სხვა საკვებიც და ეს ნახარში კვებებს შორის შუალედებში უნდა დაალევინოთ. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო და აუცილებლად გაჩერდება და არ გართულდება თუ ჩვენ ბავშვს სითხეებით დავტვირთავთ და სწორად ვუმკურნალებთ. ნებისმიერი სახის პირღებინებას, გულისრევას და დიარეას გამომწვევი მიზეზის მიხედვით მკურნალობის სპეციფიკური დანიშნულება სჭირდება“ – განაცხადა მამუჩიშვილმა.

რას ნანობს ცნობილი პედიატრი – ინგა მამუჩიშვილის საქმე და პირადი: „1734 ადამიანი გამოვაჯანმრთელე კორონავირუსისგან ისე, რომ კლინიკაში არ გადაგვიყვანია…“

ინგა მამუჩიშვილი: „დედიკოებო, ვიცი, რომ გაღელვებთ თქვენი პატარას მოჭარბებული ოფლიანობის საკითხი… თუ შეამჩნიეთ ზოგადი სისუსტე…“

ნატალია ხარაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები