გულიკო ჩაფიძე, ცნობილი კარდიოლოგი, ბაია დვალიშვილთან გადაცემაში ლაპარაკობს საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიაზე, როდესაც უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა:
„უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, სანამ ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია არ დატრიალდა. 1989 წელს ჩემი უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში მოყვა და დაიღუპა. ჩემთვის ცა ჩამოიქცა, მიწა გასკდა, ეს იყო რაღაც საშინელება, ამის არც მოყოლა შეიძლება, არც თქმა. არ არსებობს ასეთი რამ… სამწუხაროდ, ეს მერე კასკადად წამოვიდა. ჯერ უმცროსი ვაჟი დაიღუპა, რომელიც მომავალი ექიმი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე წელიწადში მეუღლე გარდამეცვალა, გულით, ხელოვნურად მოიკლა თავი. სულ ამბობდა, თავს ვერ მოვიკლავო, ყოველ დილას მიდიოდა სასაფლაოზე, მერე სამსახურში, მერე ისევ სასაფლაოზე და სახლში. შაბათ დღეს გააკეთა ოპერაცია, შემდეგ მეგობართან, გურამ საღარაძესთან მივიდა, სადაც ნარდის თამაშისას გარდაიცვალა… რამდენიმე წელიწადში უფროსი შვილი სიმსივნით გარდამეცვალა… წელიწადი ვიბრძოდით, თავადაც… მისი შვილი, 23 წლის ბიჭი, ასევე უეცრად გარდაიცვალა…
ლაპარაკობენ, ეს ყველაფერი როგორ გადაიტანეო… რა გადავიტანე? ეს გადატანა არ არის. სულ ჩემთან არიან – ტვინში სულ ეს მაქვს. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, თქვენი თანამშრომლები ამბობენ, რომ ცრემლი არ გვინახავს მის თვალზეო. ჩემს ოთახს უნახავს ჩემი ცრემლი, ჩემს ბალიშს უნახავს… ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება… კიდევ ვცხოვრობ, ამას თუ ჰქვია ცხოვრება. ამდენი წლის ხარ და რა კარგად გამოიყურებიო… მაგრამ ეს რეალური არ არის. არაფერი გადამიტანია, ყოველ დღე, ყოველ წამს ვიტან ამ ყველაფერს. ახლა მყავს შვილთაშვილები, მათით მიდგას სული… არც მინდა, იცოდნენ, რომ მე რაღაც მაწუხებს…“