„გურული დღიურების ფონდი” აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელსაც პირველი სალომე კენჭიაშვილი მიიღებს, – აღნიშნულის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება.
პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაეკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით.
მე აღფრთოვანებული ვარ ამ გოგოთი, რაც რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. მაგრამ ვინც თაობის ნაწილის გაუნათლებლობაზე წუხართ, დაეხმარეთ განათლების მიმართულებით, ვინც ფიქრობს რომ ნაწილი მათგან სხვა მხრივ აღზრდას საჭიროებს, გაუწოდეთ ხელი ამ მიმართულებით. მოდის ძალიან კარგი და ნიჭიერი თაობა, საკუთარი ხარვეზებით და სირთულეებით, მაგრამ დიდი უპირატესობით – თავისუფლების ბუნებრივი განცდით”, – წერს გიორგი კეკელიძე.