LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDFI: 2021 წელს ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტრო იყო

98
თეა წულუკიანი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტრო იყო.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების გამოვლენისას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად, ითვალისწინებს მთელ რიგ კომპლექსურ ფაქტორებს.

მათ შორის, საჯარო დაწესებულების საქმიანობის მნიშვნელობას, ინფორმაციის პროაქტიური ხელმისაწვდომობის ხარისხს და სხვა.

ორგანიზაცია დასძენს, რომ კულტურის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია წულუკიანის დანიშვნის შემდეგ არ მიუღია.

„2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ IDFI-ის მიერ გაგზავნილი 42-ვე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. შედეგად, სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა 0% შეადგინა და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების რაოდენობის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებათა რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებს,“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

მათივე ცნობით, გამოთხოვილ ინფორმაციაში, ორგანიზაცია შეეცადა გაერკვია მათ შორის, ისეთი საკითხების შესახებ, თუ რატომ არ აქვს სამინისტროს ჯერ ვებსაიტი. ამასთანავე, 2021 წელს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა სპორტული ფედერაციების მიერ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გაწეული სხვადასხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნები.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა, მანამდე ის იკავებდა იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. 2020 წელს IDFI-მ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, ყველაზე დახურულ დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეაფასა.

 

mazda magti 5g