“სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, მთავარია ქვეყანამ ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი შეინარჩუნოს და ამისთვის დღეს უფრო მეტი მექანიზმია ცნობილი.
“ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ.
რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ისევ იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელების მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ამისთვის მექანიზმები დღეს უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს იყო იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ცოდნას და სამეცნიერო გამოცდილებასაც, რაც აქამდე დაგროვდა მაქსიმალურად გამოვიყენებთ, გეგმა იქნება კარგად დასაბუთებული და მე ვფიქრობ, საკმარისად მყარი იმისთვის, რომ კრიზისული პერიოდი არ დადგეს,” – განმარტა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
საქართველოში კოვიდით გარდაცვლილ 13 პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია