LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jessie J „ბლექ სი არენას“ სცენას 6 აგვისტოს დაიკავებს!..

926
Y+Y_BSA_ArtistPromo_JessieJ_Facebook_Event_Cover_01

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა“Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ მომღერალმა დიდი ბრიტანეთის დედოფლისადმი მიძღვნილ კონცერტსა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე იმღერა. ამის შემდეგ Jessie J-მ ზედიზედ 2 ალბომი გამოსცა, რომლებმაც არტისტის გავლენა და ცნობადობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

2014 წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი „Bang Bang“, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟთან ერთად. ტრიოს ახალმა მუსიკალურმა ნამუშევარმა არაერთი ქვეყნის ათეულში წამყვანი პოზიციები დაიკავა და ექვსგზის პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

ამავე წელს გავრცელებული ალბომის Sweet Talker შემდეგ, არტისტმა რამდენიმეწლიანი პაუზა აიღო და ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა შემოქმედებითი გზა. მისთვის გადამწყვეტი პროდიუსერ DJ Camper-თან შეხვედრა აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანელ არტისტს რიგით მეოთხე სტუდიური ალბომის, R.O.S.E.-ს ჩაწერაში დაეხმარა . 4 ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარი მთლიანად Jessie J-ს ტექსტების მიხედვით შეიქმნა, რამაც არტისტს საშუალება მისცა, ალბომი პერსონალურ განაცხადად და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოდ ექცია.

ალბომისთვის მიძღვნილი ტურნეს პერიოდში კი ჩაიწერა მორიგი კრებული This Christmas Day, რომლის დასრულებასაც სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა. 2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც. Jessie J-ს ცოცხალი შესრულება ხშირ შემთხვევაში არათუ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც მის სტუდიურ ჩანაწერებს. არტისტების ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტად აღიარებული ბრიტანელი შემსრულებლის კონცერტზე მოხვედრა მელომანებისთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.

ბილეთები გაიყიდება 8 მაისიდან, საღამოს რვა საათიდან საიტებზე: www.tkt.ge, www.eventer.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები