საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დედაენისა და 9 მარტის ბაღების გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ „ბოლო 4 წლის განმავლობაში, კახა კალაძემ დედაქალაქში ევროპული ხელწერა შემოიტანა“. მისივე თქმით, კალაძის მერად ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი სკვერი და რეკრეაციული სივრცე მოეწყო, რისთვისაც მან თბილისის მერს მადლობა გადაუხადა.
„ვუყურებთ რა, ამ განახლებულ 9 მარტისა და დედაენის პარკებს, არ შემიძლია ემოციებით არ გადმოვცე ის, რასაც მე ახლა ვგრძნობ. კახამ, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა, ის სტანდარტი, რომელიც არის ნამდვილად ევროპული. მან, თავისი შრომით, თავისი ნიჭიერებით, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენს დედაქალაქში, ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, ბევრი რეკრეაციული სივრცე მოაწყო და აჩუქა ჩვენს ქალაქს. მადლობა მას ამისთვის, მადლობა კახა. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ.
ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი იმისა, თუ როგორ ვითარდება, როგორ ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. ამაშიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, პირადად კახას ხედვა, მისი უნარები და მისი გუნდის. მე ვიცი, რომ მას აქვს ძალიან ბევრი პროექტი დაგეგმილი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, გამწვანების, ეკოლოგიის მიმართულებით. მე მინდა, მას წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას და მის გუნდს!“, – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.