LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი ამბები რუსეთიდან: შემდეგი 2 წელი უმძიმესი იქნება, აიტი სპეციალისტები გაიქცნენ, ავტომობილები ბელგიის პორტში გაიჭედა, კინოთეატრები იხურება“ – სოსო გალუმაშვილი

434
278829805_1420099251791018_468816667299916784_n

„კარგი ამბები რუსეთიდან. ვიცი, რომ მოუთმენლად ელოდით. აბა, სულ ცუდი ამბები ხომ არ იქნება“ – კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი საზოგადოებას რუსეთში არსებულ ვითარებას აცნობს და სოციალურ ქსელში ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

გალუმაშვილის ინფორმაციით, რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ახლა „სჩოტნაია პალატას“ (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მსგავსი ორგანიზაცია რუსეთში) ხელმძღვანელი კუდრინი აცხადებს, რომ შემდეგი 2 წელი უმძიმესი იქნება რუსეთისთვის. მისი თქმით, არსებული კრიზისი გაცილებით უარესია, ვიდრე 2009 წელს იყო. კუდრინის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 20 პროცენტზე მეტი იქნება.

ამასთან, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსის, ტურჩაკის განცხადებით, რუსეთიდან აიტი სპეციალისტების მასობრივი გაქცევის გამო, შექმნილი კადრების უმწვავესი დეფიციტის აღმოფხვრა ციხეებში მყოფი აიტი სპეციალისტების ხარჯზე შეიძლება მოხდეს. კერძო სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე სასჯელმისჯილი აიტი სპეციალისტებს შეუძლიათ მუშაობის დაწყება სპეციალობით. ტურჩაკის ინფორმაციით, დეფიციტი მილიონზე მეტ აიტი სპეციალისტს შეადგენს.

„პუტინის ადმინისტრაციამ გაავრცელა რეკომენდაცია, რომელიც ყველა საჯარო სამსახურსა და სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელმძღვანელებისთვის საინფორმაციო პოლიტიკური მიმართულების მოადგილის დანიშვნას ითვალისწინებს. ლოიალურობის პრობლემა რეჟიმის მიმართ, არასახარბიელოდ მიიჩნიეს ალბათ.

აშშ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს. მობეზრდათ, ალბათ, მისი მოჩვენებითი აქტიურობა ფსევდო მოლაპარაკებებზე.

ამასობაში, საფრანგეთმა უკვე დააპატიმრა გენადი ტიმჩენკოს  და არკადი როტენბერგის ყველა აქტივი. გერმანიამ ალიშერ უსმანოვის ვილები დააყადაღა. შვეიცარიის მთავრობას ერთ-ერთმა რუსმა მილიარდერმა სოციალური შემწეობის მიღებისთვის მიმართა. ოლეგ დერიპასკას და იგორ კესაევს კვიპროსმა მოქალაქეობის “ოქროს პასპორტები” ჩამოართვა.

Wells Fargo Securities ანალიტიკოსმა  რუბლის რეალური კურსი გამოაცხადა. 1$ – 180 რუბლი. Bloomberg-თან ინტერვიუში ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს კურსი დაფიქსირდება მყისიერად, როდესაც ხელოვნურ მექნიზმებს ცენტრობანკი შეაჩერებს, ან იძულებული იქნება, რომ შეაჩეროს.

ჩეჩნეთის პარლამენტის ინიციატივა კანონპროექტის სახით რუსეთის მთავრობამ უარყო. ჩეჩნეთის ინსტაგრამ-დონმა და ყველანაირმა დონმა გააპროტესტა დაკავებული კრიმინალების ეროვნების დასახელების დამკვიდრებული პრაქტიკა.

Shell-მა დაიწყო მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ ერთობლივ პროექტში «სახალინ-2»-ში წილის გაყიდვის თაობაზე.

8000-მდე პრემიალური ავტომობილი – Lexus, Cadillac და Mercedes, ბელგიის პორტში გაიჭედა. სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ავტომობილები, რომელთა ღირებულებაც 50 000 ევროს აჭარბებს, სანქციებში მოყვა და რუსეთში ვეღარ შევა.

ვნუკოვოს აეროპორტმა გამოაცხადა დაყოვნების რეჟიმი და შერემეტიოვოს მსგავსად, თანამშრომლების უდიდესი ნაწილი იძულებით შვებულებაში გაუშვა. დომოდედოვოში იგივე პროცედურისთვის ემზადებიან.

საავიაციო თემა სუპერჯეტებით გავაგრძელოთ. რუსეთის მთავრობის მიერ ექსპლოატაციის ვადის გაგრძელების მიუხედავად, სათადარიგო ნაწილების არარსებობის გამო, შემოდგომისთვის სუპერჯეტების პარკის 80 პროცენტი ვეღარ იფრენს.

ევროკავშირი სანქციების მე-6 ტალღისთვის ემზადება. ჯერჯერობით ნავთობისა და გაზის ემბარგოს საკითხზე შეთანხმებული პოზიცია არ მიღწეულა. კონსენსუსისთვის საჭირო იქნება გერმანიის თანხმობა. გერმანია კი ემბარგოს ეტაპობრივად შემოღებას ითხოვს.

რუსეთის გენპროკურორმა, სოკოლოვმა მოითხოვა, კრიპტოვალუტა აღიარებულ იქნეს ბოროტმოქმედების საგნად და აიკრძალოს მისი გამოყენება. ასე გააგრძელეთ.

რუსეთის კინოთეატრების ნახევარი დახურვის პირასაა. მიზეზად რეპერტუარის ნაკლებობა სახელდება. კულტურის სამინისტრომაც გამოუცხადა სანქციები რუსეთს? სად არის ის შედევრები, რომელიც პუტინის ჯიბის კინემატოგრაფისტები იღებდნენ ბოლო 21 წელი?

რუსეთში ნავთობის მოპოვება 17 პროცენტით შემცირდება. Reuters-ის ცნობით, წლევანდელი მოპოვება 2003 წლის, ანუ ამ საუკუნის ისტორიულ მინიმუმადე დაეცემა“, – წერს „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი.