სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი მამასთან ციხეში შეხვედრის შესახებ მცირე დეტალებს ჰყვება.
როგორც ნინი გოგაშვილი ამბობს,
მამა მოგვიყვა, რომ მუქარებს და ზეწოლას ჰქონდა ადგილი. თავიდანვე დარღვევა გამოიკვეთა, ჩვენ არასამუშაო საათებში შევედით დაწესებულებაში, თან მანამდე აკრძალული იყო ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. თუ სწორად მახსოვს 30 ივლისი, 6 საათის შემდეგ იყო. როგორც მახსოვს კარიდან შევედით, რაიმე დამატებითი პროცედურები არ გაგვივლია, მხოლოდ პირადობა წარვადგინეთ. ეს იყო, როგორც ახალ ვიხსენებ ფაქტს, 30 ივლისს.
იმ დახურულ ოთახში, სადაც ვიმყოფებოდით, ბადრაგი შიგნით არ იყო, გარეთ იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ოთახში მამა და ოჯახის წევრები ვიმყოფებოდით. ამ შეხვედრის მიზანი იყო, მას ეთქვა, რომ მუქარას და ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რომ ჩვენც უნდა გავჩუმებულიყავით, არ გაგვეკეთებინა რაიმე სახის განცხადება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ან იმ ფაქტის შესახებ, რასაც ჩვენ ვაპროტესტებდით. ჩვენც რომ მზად ვყოფილიყავით, ამიტომ შეგვატყობინა, ველოდებოდით და შესაძლოა, კიდევ იყოს მოსალოდნელი მსგავსი ქმედება, ამ ყველაფრისთვის ჩვენ უკვე მზად ვიყავით, როცა ვისაუბრეთ მამასთან”, – ამბობს გოგაშვილი “ტვ პირველთან” და მეორე შეხვედრასაც იხსენებს.
“მეორე შეხვედრასთან დაკავშირებით თემა ისევ იგივე იყო, რომ მუქარები გრძელდებოდა. მეორე შეხვედრა თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 3 აგვისტოს შედგა, სადაც მე და დედაჩემი ვიყავით მხოლოდ. მამამ ისევ გვესაუბრა, რომ მზად ვყოფილიყავით, უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენს წინააღმდეგ, ისინი ყველა გზას მიმართავდნენ რომ გავეჩუმებინეთ, შევეშინებინეთ. ასევე, არა მხოლოდ მამასგან შევიტყვეთ ეს ინფორმაცია, ჩვენი კეთილის მსურველები გვატყობინებდნენ, ამასთან დაკავშირებით, ყველა გზას მოიმოქმედებდნენ გავეჩუმებინეთ, თუ მათ საწინააღმდეგო განცხადებას თუ გავავრცელებდით. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი ვისაც დღეს ეშინია, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ამიტომ უშვებენ ასეთ შეცდომას. ციხეში მყოფ ადამიანზე და ჩვენზე აგრძელებენ მუქარას, მათ სურთ ფსიქოლოგიურად მოახდინონ უარყოფითი გავლენა, რომ ვერ შევძლო ბრძოლის გაგრძელება, გავჩუმდეთ, შეგვეშინდეს, სახლიდან არ გავიდეთ. მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ჩვენ აქედან და იმედი მაქვს მამაჩემი ციხიდან გააგრძელებს ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ”, – ამბობს ნინი გოგაშვილი “ტვ პირველის ეთერში.