„გარდა იმისა, რომ ეს მათ ძალიან მძიმე ფანტაზიის მდგომარეობაზე მეტყველებს, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე,“– ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც გუშინ ოპოზიციის ერთ-ერთ თათბირზე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.
კობახიძე: გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი
როგორც ელენე ხოშტარიამ კობახიძის საპასუხოდ ჟურნალისტებს უთხრა, მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და მის ჯანმრთელობაზე არის „ქართული ოცნება,“ რომელსაც „ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრობლემა.“
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ სიტყვებს შინაარსი არ გააჩნია, ანუ ტყუილი ბევრად უფრო მეტია მათ ნათქვამში, ვიდრე რაიმე რეალობასთან მიახლოებული, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მსგავს განცხადებებზე ნუ აღელდებიან.
ეს ყველაფერი – შიმშილობაც, სააკაშვილის გუშინდელი კადრები, გინება, დამცირების მცდელობა, ამ ყველაფერს ჩვენ პოლიტიკოსები გავუძლებთ, მაგრამ ეს ადამიანებს ზაფრავს და ქვეყანაში ძალიან ცუდ კლიმატს ქმნის, თითქოს ვინმე ვინმეს მოწამვლას თუ მკვლელობას გეგმავს. ნუ აჰყვებით ამ აბსურდებს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც „ქართული ოცნებას“ ფიქრი მოუწევს, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც როგორც ხოშტარიამ თქვა, ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილისა და მისი ჯანმრთელობის საკითხის შესახებ.
„ამიტომ, რაღაც შეთქმულებებზე საუბარი, დაპირისპირება ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ან აქცენტების გადატანა არ გამოუვათ,“- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
