დღეს “ქართული ოცნება” ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოს წევრებმა დატოვეს.
მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმ დეპუტატების [მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის] მხარდასაჭერად მიიღეს, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს.
პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას ეხმიანება მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და მათ მადლობას უხდის.
ხუნდაძის თქმით, სწორედ ეს არის სამშობლოს სიყვარული, როდესაც თანამდებობაზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებ.
“მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს.
ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა”. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას.
მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს.
საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად”, – განაცხადა ხუნდაძემ.