მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით შვილებს მამა დაუბრუნოს“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტის სურვილია, „სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს“ შეუძლია შეწყალებას ხელი მოაწეროს:
„სააკაშვილის დამსახურებით ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, ეს მინდა შევახსენო მიხეილ სააკაშვილს. არ ვიცი, რა მორალზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ვეხებით.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი, მე ამაში ღრმად ვერ შევალ..
იცით, „ვარდების რევოლუციამ“ რაც მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანის უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადამიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალურ გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის.
ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა. ასეთ დროს, „ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“ არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ შიგნით წარმართულ პროცესებს, ამ პარტიას აღარაფერი ეშველება, მათი რეიტინგი დაღმა მიდის და ასე გაგრძელდება, ვიდრე შიგნით ეს კინკლაობა გრძელდება. ეს კინკლაობა, დაპირისპირება გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, კარგია, რომ ამ კინკლაობის და დაპირისპირების ფონზე „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მცირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომას დისტანციურ რეჟიმში ერთვებოდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც განაცხადა: „ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა“.