LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი სულ მცირე, 60 ქვეყანაში გამოვლინდა: ჯანმო

126
FORTUNA.GE- (6)

გაეროს ჯანდაცვის სააგენტო მსოფლიოს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც გასული წლის ბოლოს დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, სხვადასხვა ქვეყანაში აგრძელებს გავრცელებას.

ბოლო მონაცემებით, მუტირებული ვირუსი, სულ მცირე, 60 ქვეყანაშია გამოვლენილი. მათ შორის არის საქართველოც.

კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის გამოვლენა ქვეყანაში, 4 იანვარს ოფიციალურად დაადასტურა  დაავადებათა კონტროლის ცენტრმა.

კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დღეს დაადასტურა, რომ მკაცრი სასაზღვრო კონტროლის მიუხედავად, ერთ კვირაში ათით გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ახალი შტამი გამოვლინდა.

მართალია, ამ ეტაპზე სამედიცინო სამყარომ ბევრი არაფერი იცის კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტზე, თუმცა დადასტურებულია ის, რომ ბრიტანეთში აღმოჩენლი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება – ის 50-70%-ით უფრო გადამდებია.

რაც შეეხება ე.წ. “სამხრეთ აფრიკულ შტამს”, ის ასევე სწრაფად ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე ჩატარებული არც ერთი კვლევა მის განსაკუთრებულ მომაკვდინებელ თვისებებს არ ავლენს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყოველკვირეულ განახლებაში აღნიშნულია, რომ ეს შტამი უკვე ფიქსირდება 23 ქვეყანაში.

რაც შეეხება კიდევ ერთ, ახალ შტამს – გუშინ, გერმანიაში, ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენის საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ გამოვლენილია ახალი შტამი, რომელიც 35 პაციენტში აღმოჩნდა, თუმცა ვირუსის ამ სახეობაზე ბევრი არაფერია ცნობილი და არც ის ვიცით, რამდენად განსხვავდება ის გადადების სიძლიერითა და სირთულით, აქამდე ცნობილი შტამებისგან.

კიდევ ერთი, აქამდე უცნობი შტამი – გერმანიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტები, ეს ვირუსის ნორმალური ქცევაა, რომელიც ცდილობს გაძლიერდეს და შეებრძოლოს იმუნიტეტს. მედიცინის მთავარი ამოცანა კი არის ის, რომ დათრგუნოს და დაასუსტოს ახალი ვარიანტების სწრაფი გავრცელება.

სტატისტიკის მთვლელ worldometers-ს თუ გადავავლებთ თვალს, დღეს კორონავირუსის შესახებ მონაცემები ასე გამოიყურება:

პანდემიის დაწყებიდან, დაინფიცირებული 96 მილიონზე მეტი ადამიანიდან, 2 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.

ვირუსის დამარცხება 69 მილიონზე მეტმა პაციენტმა შეძლო.

18-ია იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს. შემთხვევებით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია – 24 მილიონზე მეტი ინფიცირებულითა და 411 520 ლეტალური შემთხვევით.

mazda magti 5g