LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომური შსს-ს უჩივის და შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს ითხოვს

105
მაკო გომური

2019 წლის 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებულმა მაკო გომურმა დღეს საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას ცნობით, მაკო გომური სამინისტროსგან ჯანმრთელობისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს:

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეულის დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც საერთო შრომისუნარიანობის შემცირება გამოიწვია. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც სასარჩელო მოთხოვნები ეფუძნება.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაკო გომურის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საიას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელები უკვე აქვს წარდგენილი 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით.

mazda magti 5g