LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ინგლისურ და ქართულ ენებზე „სთექის” Windows ვერსია გამოვა

458
94624583-10223474297672599-7713470786387836928-o

დროა ახლიდან შეიყვარო შენი კომპიუტერი, რადგან ძალიან მალე, სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის, ინგლისურ და ქართულ ენებზე “სთექის” Windows ვერსია გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „სთექის“ დამფუძნებლები ავრცელებენ. მათივე განმარტებით, დღეს „სთექი“ უკვე აღარ არის ბეტა პროდუქტი. ის ერთ-ერთი წარმატებული აპლიკაციაა მსოფლიო ბაზარზე, რომელსაც 30 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.

„18 თვის წინ როდესაც ჩვენ (ზვიად სიჭინავა, დავით გავაშელი, გიორგი ლალიაშვილი) დავიწყეთ მუშაობა სთექზე – პირველ ქართულ ბრაუზერზე, ძალიან ბევრი არასერიოზულად აღიქვამდა ჩვენ წამოწყებას. იმ ბაზარზე, სადაც დომინირებს ამერიკული “ქრომი” და “ფაიერფოქსი”, ნორვეგიული ოპერა, და სხვა უამრავი ალტერნატიული აპლიკაცია, ბევრს მიაჩნდა, რომ ჩვენ ვერაფერს შევძლებდით. მაგრამ, შემდეგ „სთექი“ დავდეთ ProductHunt-ზე, პლატფორმაზე სადაც ხდება სხვადასხვა იდეების განთავსება და ხმის მიცემის გზით დღის საუკეთესო პროექტის გამოვლენა.

მაშინ მხარდაჭერისკენ მოგიწოდეთ თქვენ, ჩვენს მეგობრებს საქართველოში და სანაცვლოდ დაგპირდით, რომ შევქმნიდით პროდუქტს, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოიყენებდა მსოფლიოში. ჩვენ ყველა კი სიამაყით ვიტყოდით, რომ ქართველების მიერ არის შექმნილი. პირველი ქართული ბრაუზერის იდეა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ერთ საათში მიღებული 1000-ზე მეტი ხმა Product Hunt-ს ბოტების შემოსევა ეგონა და დაგვბლოკა…

ჩვენ გავაცნობიერეთ ჩვენი პასუხისმგებლობა, თქვენთვის მოცემული პირობა და დავიწყეთ აქტიური მუშაობა. შემდეგ მოხდა ძალიან ბევრი რამ: გაიზარდა ჩვენი გუნდი, შემოგვიერთდნენ: ირაკლი ფხაკაძე, შალვა გეგია, ვერიკო მელია და ლაშა მირონიძე. გადაგვხდა ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი, შეგვხვდა უამრავი გამოწვევა, მივაღწიეთ ბევრ წარმატებას და განვიცადეთ არც თუ ისე ცოტა მარცხიც. რაც ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა, იმას სწორად ვაკეთებდით, რაც არ ვიცოდით – შეცდომებზე ვსწავლობდით.

მივიღეთ რამდენიმე გრანტი. (მადლობა GITA • Tech Park-ს და Avtandil Kasradze-ს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის). ავიღეთ ინსტიტუციური ინვესტიცია, გავიარეთ აქსელერაცია ავსტრიაში, ტოპ სტარტაპის რანგში დავესწარით ათიოდე ევროპულ და ამერიკულ ტექ-კონფერენციას, გავიცანით ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და გავაგებინეთ “სთექის” შესახებ კიდევ უფრო მეტს.

პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერის საერთაშორისო აღიარება - ის საუკეთესო ხუთეულშია

ქართულმა ინტერნეტ ბრაუზერმა „სთექმა“ 1-მილიონიანი ინვესტიცია მოიპოვა

და აი დადგა დანაპირების ასრულების დროც: დღეს „სთექი“ უკვე აღარ არის ბეტა პროდუქტი. ის ერთ-ერთი წარმატებული აპლიკაციაა მსოფლიო ბაზარზე, რომელსაც 30 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს ამერიკაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ევროკავშირის ქვეყნებში. და უკვე ძალიან, ძალიან მალე, (მაისის პირველ ნახევარში) სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის გამოვა „სთექის“ Windows ვერსია ინგლისურ და ქართულ ენაზე“, – ამბობს „სთექის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დაჩი გუბაძე.

მისივე განმარტებით, „სთექი“ არ არის კლასიკური ბრაუზერი. „სთექი“ არის ე.წ. პროდუქტიულობის ზრდის აპლიკაცია ბრაუზერის ფუნქციონალით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, ერთი ადგილიდან მართოთ ყველა თქვენი სოციალური მედია (Facebook, Instagram, Linkedin, etc.), საკომუნიკაციო აპლიკაციები (Messenger, Whatsapp, Telegram, etc), იმეილები, ან ეწვიოთ ნებისმიერ საიტს. შესაბამისად, ის ოპერაციულ სისტემას უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე კლასიკურ ბრაუზერს.

„ჩვენი მიზანია, რომ ინტერნეტთან მუშაობა გავხადოთ სუპერ ინტუიტიური, სწრაფი და რაც შეიძლება სასიამოვნო. ეს კი უამრავი ყოველდღიური აპლიკაციის ერთ სივრცეში ეფექტიანად ორგანიზების გარეშე შეუძლებელია. აი, სწორედ ამაში არის „სთექი“ დღეს ბაზარზე არსებულ აპლიკაციებში საუკეთესო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი“, – აღნიშნავს დაჩი გუბაძე და იქვე დასძენს, რომ ძალიან მალე, სულ რამდენიმე დღეში, ყველას შეგეძლებათ გადმოწეროთ „სთექი“, დააყენოთ და თავიდან შეიყვაროთ თქვენი კომპიუტერი!

შეგახსენებთ,  „სთექი“ ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის პირველ ქართულ ალტერნატივას ქმნის. კომპანიამ მუშაობა 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. სტარტაპმა პირველი დაფინანსების მიღების შემდეგ, მომხმარებლების უკუკავშირის მიხედვით პროდუქტის დახვეწა დაიწყო. ასევე, კომპანია სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ფულადი რესურსების მოძიებაზე მუდმივად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები