LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ვაშაძე ცოლად მეგობარს გაჰყვა – „ჩემი მეგობრები მეხუმრებოდნენ, შენ ვინ უნდა მოგეწონოსო…“

5060

„პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამის წამყვანი, მარიამ ვაშაძე გაბედნიერდა. მან ცხოვრება ვანიკო ბენიძეს დაუკავშირა, რომელთანაც ათწლიანი მეგობრობა აკავშირებდა. ამბობს, რომ ამდენხნიანმა მეგობრობამ სასიყვარულო ურთიერთობა მასთან უფრო გაუადვილა.

წყვილმა ჯვარი დაიწერა და თაფლობის თვის გასატარებლად მალდივებს მიაშურა. ისინი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად სახლში, რომელიც ვანიკომ თავისი გემოვნებით მოაწყო. სწორედ აქ გადაიხადეს მცირე წვეულება ჯვრისწერის აღსანიშნავად, დიდ ქორწილს კი შემოდგომაზე გეგმავენ.

მარიამ ვაშაძემ fortuna.ge–ს ექსკლუზიურად უამბო თავისი სიყვარულის ამბავი.

მარიამ, პირველ რიგში, გილოცავ გაბედნიერებას!..

მარიამ ვაშაძე:

დიდი მადლობა (იღიმის). ჩემს მეუღლეს ათ წელზე მეტია, ვიცნობ. ვიყავით მეგობრები, თავიდან რაღაც იყო, მაგრამ მაშინ პატარები ვიყავით. ისეთი ბავშვი ვიყავი, დიდად არ მაინტერესებდა სასიყვარულო ურთიერთობები. ვანიკო მიხვდა, როგორიც ვიყავი და მოკლედ, დავმეგობრდით (იღიმის). ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, სწორედ მათგან გავიცანი ვანიკო და სულ ვხვდებოდით ერთმანეთს ხან ერთის, ხან მეორის დაბადების დღეზე. რომ გეკითხა ორივესთვის, ვიტყოდით, კი, მეგობრები ვართო. თან, ვანიკო აქ არ იყო წლების განმავლობაში, ხან პარიზში, ხან ნიუ იორკში სწავლობდა. რომ ჩამოდიოდა, წვეულებებს მართავდა და მეც მპატიჟებდა.

ათი წელი ასე გავიდა. წინა წელს ზაფხულში შევხვდით ერთმანეთს ჯაზფესტივალზე და იქ დაიწყო ყველაფერი. მეც მიკვირს. ყველას ვიწუნებდი, ხან იმას, ხან ამას, ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, შენ ვინ უნდა მოგეწონოს და როდის უნდა გათხოვდეო. იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მეგობარს გავყვებოდი ცოლად. უფრო ალბათ ამხანაგს დავარქმევდი და არა ახლო მეგობარს, ყოველდღიური ურთიერთობა რომ გაქვს, მაგრამ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ეს ძალიან დამეხმარა.

ერთმანეთის სასიყვარულო ამბები იცოდით?

მე დიდი სიყვარულის ამბები არ მქონია, ვანიკოსაც არ ჰქონია არაფერი სერიოზული.

ახლა როგორი გახდა ვანიკო, მეგობრისგან განსხვავებით?

სხვანაირი ვანიკო გავიცანი, მანაც სხვანაირი მარიამი გაიცნო. ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე, ის ვანიკო არ ხარ, ვისაც ვიცნობდი-მეთქი.

რამდენ ხანში დაქორწინდით?

შვიდ თვეში დავქორწინდით.

როგორ გთხოვა ხელი?

ურთიერთობა იმისკენ მიდიოდა, რომ ქორწინებით დასრულდებოდა. მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, რადგან ძალიან ვღელავდი. მთხოვა ხელი ვალენტინობას. კარგად იცის ვანიკომ, რომ სახალხოდ ხელის თხოვნა არ მომეწონებოდა. დიდხანს იფიქრა და ბოლოს ისეთ ადგილას მიმიყვანა, სადაც ბევრი ხალხი არ იყო. მომართვა თაიგული, ვალენტინობას გილოცავო. იქ ბარათი იდო, სადაც ეწერა, გამომყვები თუ არა ცოლადო. პირველი რეაქცია ის იყო, რომ სიცილი ამიტყდა… რა თქმა უნდა, დავთანხმდი. თაიგულშივე იდო ბეჭედიც…

როგორ დაგეგმეთ ულამაზესი ქორწილი?

ეს იყო არა ქორწილი, არამედ ჯვრისწერის წვეულება, რომელიც ძალიან ვიწრო წრეში, მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის გადავიხადეთ. რადგან აპრილში გადავწყვიტეთ ჯვრისწერა და მერე საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრება, ვანიკოს არ უნდოდა, რომ ჯვრისწერის მერე პირდაპირ გავფრენილიყავით, ამიტომაც სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, რუფტოპ წვეულება დავგეგმეთ. საბოლოოდ, ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ ყველას ქორწილი ეგონა.  თან, თეთრი კაბაც მეცვა, არ მინდოდა, მაგრამ თაიგულიც ვისროლე (იცინის). მინდოდა, დიდი ქორწილისთვის შემომენახა… არადა, ვგეგმავთ დიდ ქორწილს, სადაც იქნება ნათესაობა, მეგობრები, ვინც არ იყო იქ. შემოდგომაზე გადავიხდით. ბევრი ვინერვიულეთ, რადგან ტერასაზე იყო, ტენტებიც დავდგით, რადგან წვიმდა, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა.

მთელი სოციალური ქსელი სავსე იყო შენი ფოტოებით. ვინ იმუშავა შენს საქორწინო ლუქზე?

მაკიაჟი გამიკეთა თეკო შენკენმა, თმა გიორგი ელიაძემ, კაბა ეკუთვნოდა ქეთი ჩხიკვაძეს. მინდოდა სადა კაბა ყოფილიყო და ზუსტად ისეთი გამოვიდა ყველაფერი, როგორც მინდოდა. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო. ფოტოები რომ გავრცელდა, ყველა მეკითხებოდა, თმა, მაკიაჟი სად გაიკეთეო. ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა, ჭალომ გადამიღო…

თაფლობის თვის ფოტოებიც ვნახეთ…

მალდივებზე გავატარეთ თაფლობის თვე. ულამაზესი ადგილია. ფოტოები კი სპონტანურად გადავიღეთ. ორნი ვიყავით და ერთმანეთს ასეთ კარგ ფოტოებს ვერ გადავუღებდით, არც სელფი იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი, სასტუმრომ შემოგვთავაზა ფოტოგრაფი, რომელმაც ფანტასტიკური ფოტოსესია გადაგვიღო. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ლამაზი ფოტოები დაგვრჩა. იქიდან დუბაიში გავემგზავრეთ, მალდივებზე კი ათი დღე გავატარეთ.

ერთმანეთის ოჯახის წევრებს, ალბათ, კარგად იცნობთ?

ვანიკოსთან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარს მისი ოჯახის წევრები, ამანაც ძალიან იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე. არ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება.

ვანიკოს დამ, ანიმ დაწერა, რომ მისმა ძმამ საუკეთესო არჩევანი გააკეთა…

ძალიან მიყვარს ანი… ყველანი ბედნიერები ვართ ამ გადაწყვეტილებით, ჩემს ოჯახსაც ყოველთვის ძალიან მოსწონდა ვანიკო. ვანიკოს სულ ამაზე ვეხუმრებოდი, რა კარგია, ოჯახი რომ არ მყავს გასაცნობი-მეთქი. მაინც დაძაბული ხარ, როცა მშობლებს ხვდები (იღიმის).

მარტო ცხოვრობთ?

კი, ერთად გადავედით საცხოვრებლად. სახლი უკვე იყო მოწყობილი. ვანიკომ მოაწყო, რაღაცებს მეკითხებოდა ხოლმე, მანახებდა. ძირითადად, თავად იღებდა გადაწყვეტილებებს, დიზაინი მშობლებთან ერთად თავად მოფიქრა. მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი (იღიმის).

ცოლ-ქმრობის ეტაპი როგორია?

საერთოდ არ გამჭირვებია, ძალიან მარტივად მიდის. რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, მხოლოდ ჩემს თავზე აღარ ვარ დამოკიდებული, მაგრამ ვანიკო ძალიან უპრობლემო ადამიანია, კარგად შევეგუეთ ერთმანეთს.

შენი აქტიური სამსახური მოსწონს?

არანაირი პრობლემა არ აქვს. ვერ გავყვებოდი ისეთ ადამიანს, რომელიც არ მიმიღებდა ისეთს, როგორიც ვარ. არ ავირჩევდი მას, ვისაც ჩემს პროფესიასთან პრობლემა ექნებოდა.

არც ეჭვიანია?

არა, მეც არ ვაძლევ საბაბს, ზომიერების ფარგლებშია ეჭვიანი. უაზროდ ეჭვიან ადამიანთან ვერ ვიცხოვრებდი, თორემ რაღაც დოზით ყველაშია ეჭვიანობა. მე ბუნებით ცოტა ვარ ეჭვიანი, მაგრამ ვანიკოც არ მაძლევს საბაბს, ჯერჯერობით (იცინის)…

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“ თბილისი

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g