ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.
2022 წლის 21 ოქტომბერს, საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, საქმე პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა. სხდომაზე ნელი დოროყაშვილი გამოკითხეს. მან წარადგინა ვიდეო, რომელიც, დოროყაშვილის თქმით, ასახავს, თუ როგორ ძალადობს მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ნიკოლოზ ბასილაშვილი:
„არ არის სასაცილო სხვაზე ძალადობა.. ძალიან რთულია დღეს, რომ ისევ გავიხსენო.. თავში მომხვდა, ძალიან მეტკინა. ამ დროს სხვა დაზიანებებიც მქონდა მიღებული და ეს ბოლო კადრებია, ძალადობა მთავრდებოდა, მანამდე იყო იატაკზე თრევა და მე მქონდა დაზიანებები. საერთოდ რად გვინდა ეს დისკუსია, როდესაც არსებობს ძალადობის კადრი? საერთოდ რატომ დავდივარ აქ?
ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი და მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად, დედა, რომელიც მის შვილს ვზრდი და აქ დავდივარ 5 წელი და ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა“, – მიმართა ნეკა დოროყაშვილმა მოსამართლეს ვიდეოკადრების წარდგენის დროს.
ცნობისათვის, ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გასული წლის 21 ოქტომბერს გამოიტანა – მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.
რაც შეეხება გახმაურებული საქმის დეტალებს – მანამდე, პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.