6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
მეუღლემ ჟურნალისტებთან ლევან დოთიაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის თავს ცუდად გრძნობს:
„შეუძლოდ არის, თავს ცუდად გრძნობს, ნამდვილად არ აქვს ლაპარაკის ძალა. იმედია, ძალებს მოიკრებს და შემდეგ ყველაფერს თვითონ მოგახსენებთ. მეტყველების საშუალებაც არ აქვს, თვითონაც განადგურებულია“, – ამბობს სოფიო ანდრიაძე.
„ჯერ კი არ მისაუბრია შვილთან, მოვიდა და სამძიმარზე წავიდა. მის წინ მოკლეს კაცი, სხვა რა?… უყურებდა როგორ მოკლეს… ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“, – ამბობს ლევან დოთიაშვილის მამა.
ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ