უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აიკრძალოს.
საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აღდგომის დღესასწაულის დღეებში მღვდელმსახურები საფლავებზე მივლენ და აკურთხებენ.
მისივე განმარტებით, მოქალაქეების საფლავზე მისვლა საჭირო აღარ იქნება.
ამასთან, როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააღდგომო წირვა წინა წელს გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდება და ძირითადი რეგულაციები პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა იქნება.
საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აიკრძალა - აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით
სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული.
მისივე ინფორმაციით, სააღდგომო წირვას სამებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრება.
“აღდგომა იქნება ძალიან ბედნიერი. დიდი სიხარულის მომტანი, განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის.
ეკლესიისთვის შარშანდელი რეგულაციები გვახსოვს. შარშან იყო ძალიან ზედმიწევნით დაცული ეს რეკომენდაციები. წელსაც საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ძირითადად ეს იქნება დისტანცია. ასევე, მრევლს ვთხოვთ, რომ იქონიონ პირბადე.
რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითება გამოსცა და მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.