LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოდუნება არ შეიძლება“: სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანება პარლამენტს წარუდგინა

123
90443891-3876975572342432-2503350993035460608-o

ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ შედეგების მაგალითია გუშინდელი მისი საუბარი გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიარეშთან.

საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსით გარდაცვლილ ოჯახებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე, მინდა ჩემი სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრები, და დღეს ახალი შემთხვევა მოხდა გარდაცვალების, ამ ეპიდემიას ემსხვერპლნენ. ასევე ნება მომეცით, რომ კიდევ ერთხელ მოვახსენო მადლობა ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშენების მაგალითი აჩვენა. ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა გართულებებისგან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მიღებული შედეგით თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ.

„ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს, მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტორლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს. მთავარია, ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის ადგილები იყოს, როგორც აქამდე შევძელით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში განაცხადა, ვითარების მაქსიმალური გაკონტროლება შესაძლებელი გახდა ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯებით, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობით, ხოლო მეორე მხრივ ექიმების დაუღალავი ძალისხმევით.

პრეზიდენტის განმარტებით, ამ ფონზე ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.

„მგონია, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას“ , – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის მოსაზრებით საგანგებო მდგომარეობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

“ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. დღეს ამისათვის შევიკრიბეთ.
ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე, როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით.
დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


სალომე ზურაბიშვილმა ანტიკრიზისულ გეგმაზეც ისაუბრა.

ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი.
დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება.
არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ და ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთაშორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს.
ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება სწორედ კრიზისის დაძლევის გეგმა.
ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.

სოლიდარობისათვის ყველა მზად უნდა ვიყოთ.
სწორედ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს, რადგან სამაგიეროდ, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები. კერძოდ მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს.

 

პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა.

შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვეცი ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც ხაზს ვუსვამ, არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს.

ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, წარმატებულად გავიაროთ რთული გზა, ბრძოლის დასრულებამდე. აქამდე ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები; შევძელით და საგანგებო მდგომარეობა არ გასცდა თავის მიზანს, – შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად, სიტყვის და მედიის თავისუფლებას; მინიმალურად შეეხო (სხვა ქვეყნებს შევხედოთ) ადამიანის უფლებებს, კერძოდ – გადაადგილებისა და შეკრების უფლებას.

ასევე, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და, მაშასადამე, საარჩევნო კალენდარზე და ჩვენ დემოკტარიულ სვლაზე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ მისცეს არამხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და, ამავე დროს, სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი. ეს იქნება ჩვენი – ყველას ნამდვილი გამარჯვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები